ახალი ამბები

მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე: გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა

20 მაისი, 2016 •
მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე: გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა

20 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ხურჩაში  მომხდარი მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

გუშინ ხურჩაში მოხდა მკვლელობა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას” – თქვა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა უკვე მოახდინეს საკითხზე რეაგირება და ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდეს. 

მარგველაშვილმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმა და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე დაგეგმილ გაეროს ფორუმზე აღნიშნულ საკითხს საერთაშოსიო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენებს.

ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 20 მაისს,  სტუდენტებთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობისა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიმართ საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს და მისი მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა:

„ძალიან მძიმეა, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა შენს ტერიტორიაზე, შუა სოფელში აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრისმთქმელ მავთულხლართებს ავლებენ , მაგრამ ემოციის აყოლა არაფერს მოგვიტანს. ჩვენ პარტნიორებთან შეთანხმებული გზა არის შემდეგში – ჩვენ ვავითარებთ საქართველოს  და უფრო ევროპულს, უფროევროატლანტიკურს ვხდით, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა და მიზანი ამ პოლიტიკის  რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა“ , – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაციონალური დიალოგი ნიშნავს იმას, რომ შენს საზოგადოებას და მოწინააღმდეგე მხარეს აჩვენო, რომ ამ დაპირისპირებაში არც რუსეთი არ არის მოგებული.

“ეს დიალოგი მიგვიყვანს ჩვენ სუვერენიტეტის აღდგენამდე, ეს არის რთული გზა, მძიმე გზა, მაგრამ სხვა ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი