ახალი ამბებისამართალიტექნოლოგიები

adjaranet.com-მა კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივლა

20 მაისი, 2016 •
adjaranet.com-მა კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივლა

GNCC ცნობით, ვებ-გვერდმა adjaranet.com კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წერილი, რომლითაც კომისია ინტერნეტპროვაიდერებისგან ითხოვდა საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვას, სასამართლოში  გაასაჩივრა.

საქმე ეხება იმ ფილმებსა და სერიალებს, რომელიც adjaranet.com-ს ჰქონდა განთავსებული, მასზე კი საავტორო და მომიჯნავე უფლებებები მოპოვებული ჰქონდათ კომპანიებს:  „იბერია–TV-ს”, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „კინოდისტრიბუციასა“ და GDS-ს. ოთხივე მათგანმა კომისიას მიმართა, რომ მოეხდინა რეაგირება და ასევე, მიაწოდა სადავო ფილმებისა თუ სერიალების ჩამონათვალი.

ამ კომპანიებისგან განცხადებების მიღების შემდეგ, GNCC-მ 14 აპრილს წერილობით მიმართა adjaranet.com-ს  და მოსთხოვა 5  დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა ამ ოთხი კომპანიის მიერ ჩამოთვლილი ფილმებისა და სერიალების ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ გააჩნდათ ეს დოკუმენტაცია, დაუყონებლივ ამოეღოთ აღნიშნული ფილმები და სერიალები adjaranet.com-იდან.

ვინაიდან adjaranet.com-მა ეს პროდუქცია არ წაშალა,  GNCC-მ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს, რომ გაეთიშათ  adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კონკრეტული პროდუქციის შეზღუდვა, კომისიამ რეკომენდაცია მისცა ინტერნეტპროვაიდერებს, რომ შეეზღუდათ წვდომა მთლიანად ამ ვებ-გვერდზე. პროვაიდერებმა ეს მოთხოვნა გაითვალისწინეს – “სილქნეტმა” სრულად გათიშა საიტი, ხოლო “კავკასუს ონლაინმა” ზოგიერთ პროდუქტზე შეზღუდა წვდომა.

დღეს, 20 მაისს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ adjaranet.com-მა წაშალა დაუშვებელი პროდუქცია და შესაბამისად, კომისიამ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს, რომ საიტი ვებ-სივრცეში დაებრუნებინათ. ამჟამად, adjaranet.com ხელმისაწვდომია.

თუმცა, კომისიის განცხადებითვე –  adjaranet.com-მა  სადავო მასალა ვებგვერდიდან დროებით, სასამართლო განხილვების დასრულებამდე მოხსნა.

“შპს „სი ჯი ელ“-ის  (www.adjaranet.com) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომელზეც შესაბამის ნებართვებს აღნიშნული კომპანიები ფლობდნენ, ვებგვერდიდან (www.adjaranet.com) მოხსნილია. საუბარია, პოპულარულ და ძვირადღირებულ მხატვრულ ფილმებზე და სერიალებზე (“Breaking Bad”, “Game of Thrones”, “გრეის ანატომია”, “ამერიკული საშინელებათა ისტორია” და სხვა…), ასევე საპრემიერო კონოფილმებზე, რომელთა  ჩვენება კინოთეატრებში ჯერ არ დასრულებულა, რიგ შემთხვევებში არც კი დაწყებულა,”- აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

GNCC-ის განცხადებითვე, კომისიაში გაიმართა მხარეებს შორის შეხვედრა,  შეხვედრის მონაწილეები ინტერნეტ სივრცეში ლეგალური კონტენტის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად  სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი