საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს, რომ გათიშონ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კონკრეტული დაუშვებელი პროდუქციის შეზღუდვა, კომისია რეკომენდაციას აძლევს ინტერნეტპროვაიდერებს, რომ შეზღუდონ წვდომა მთლიანად www.adjaranet.com-ზე.
საქმე ეხება შპს „იბერია–TV“–ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვის“ მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებებს www.adjaranet.com-ზე დაუშვებელი პროდუქციის, კერძოდ, იმ ფილმებისა და სერიალების განთავსების შესახებ, რომლებზეც ამ ოთხ კომპანიას აქვს მოპოვებული უფლებები.
GNCC-ის პრესსპიკერმა, ხატია ყურაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა კომისიაში 10-მდე ვებ-გვერდის, მათ შორის adjaranet.com-ის მონაწილეობითაც და მხარეები საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით”ზეპირსიტყვიერად” შეთანხმდნენ.
“ყველა მხარე შეთანხმდა, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ვებ-სივრცეში უნდა დაიწყოს, თუმცა მყისიერი ჩარევისგან კომისამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა და შევთანხმდით მხოლოდ, რომ იმ ტელეპროდუქციაზე, რომელზეც სამაუწყებლო კომპანიები ფლობენ შესაბამის საავტორო და მომიჯნავე უფლებას, ინფორმაციის გაცვლა მოხდებოდა მხარეებს შორის და ამ პროდუქციას ვებ-გვერდები, რომლებიც ფილმებსა და სერიალებს სთავაზობს მაყურებელს, აიღებდნენ,”-განაცხადა ხატია ყურაშვილმა.
GNCC-ის პრესსპიკერი ამბობს, რომ ვებ-გვერდმა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და მაინც განათავსა ის კონტენტი, რაზეც საავტორო და მომიჯნავე უფლებები ჰქონდათ ტელევიზიებს. ამის შემდეგ ოთხივე კომპანიამ მიმართა GNCC-ს, საკუთრივ GNCC კი adjaranet.com-ს დაუკავშირდა, რომელმაც 5 დღის ვადაში ვერც საავტორო უფლებები წარმოადგინა და არც სადავო კონტენტი აიღო. კომისიამ შესაბამისი პროდუქციის ჩამონათვალი გაუგზავნა პროვაიდერებს და მათ კონკრეტული ბმულების დაბლოკვა სთხოვა, ხოლო თუკი ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდებოდა, მაშინ – adjaranet.com-ის დაბლოკვა. ინტერნეტ-პროვაიდერებს კომისიის მოთხოვნის შესასრულებლად 5 სამუშაო დღის ვადა აქვთ.
ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ თუ კომისიაში მსგავსი მოთხოვნა სხვა ვებ-გვერდის მიმართ შევა, GNCC-ის ქცევა შესაბამისი იქნება.
როგორც GNCC-ის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული წერილებიდან ირკვევა, შპს “კინოდისტრიბუცია” კომისიას სწერდა, რომ www.adjaranet.com, ასევე imovies.ge და myvideo.ge, საავტორო უფლებების დარღვევით მოპოვებულ ფილმებს კინოგაქირავების პარალელურად ათავსებდა ვებ-გვერდზე. “კინოდისტრიბუციის დირექტორი” მარიანა სინაურიძე კომისიაში 2016 წლის 22 აპრილს გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ adjaranet.com-მა დაარღვია შეთანხმება და მათ კინოგაქირავების პარალელურად ვებ-გვერდზე 3 ფილმი განათავსეს (“არჩევანი”, “მებრძოლი ჯეინი”, “სიამაყე და ცრურწმენა” და “მცდარი აზრი”).
“იბერია TV”-ის წერილში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიას მოპოვებული აქვს სერიალ “Breaking Bad”-ის საქართველოს ტეროტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლება და კომისიისგან ითხოვს, მიიღოს შესაბამისი ზომები. 10 მაისის მდგომარეობით, “Breaking Bad” კვლავ ხელმისაწვდომია www.adjaranet.com-ზე.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” კომისიისთვის 2016 წლის 11 აპრილს მიწერილ წერილს თან ურთავს 200-ზე მეტი ფილმის თუ სერიალის ჩამონათვალს. აცხადებს, რომ თუ adjaranet.com, imovies.ge და myvideo.ge ვერ წარმოადგენენ დოკუმენტაციას ამ პროდუქციის განთავსების უფლების შესახებ, მაშინ კომისიამ კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს.
GDS კი 13 აპრილს მიწერილ წერილში აცხადებს, რომ www.adjaranet.com კვლავ აგრძელებს GDS-ის ექსკლუზიური უფლებით გასავრცელებელი ფილმებისა და სერიალების ვებ-გვერდზე განთავსებას. GDS-მა საკუთარ განცხადებას თან დაურთო სია, სადაც 200-მდე ფილმი და სერიალია ჩამოთვლილი, მათ შორის, “Game of Thrones”, “გრეის ანატომია”, “ამერიკული საშინელებათა ისტორია” და სხვ.
ამ კომპანიებისგან განცხადებების მიღების შემდეგ, GNCC-მ 14 აპრილს წერილობით მიმართა შპს „სი ჯი ელს“ (www.adjaranet.com) და მოსთხოვა 5 კალენდარული დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა ამ ოთხი კომპანიის მიერ ჩამოთვლილი ფილმებისა და სერიალების ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „სი ჯი ელს“ არ გააჩნდა ეს დოკუმენტაცია, დაუყონებლივ ამოეღო აღნიშნული ფილმები და სერიალები www.adjaranet.com-იდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია გამოიყენებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.
14 აპრილის მიმართვის პასუხად 19 აპრილს “სი ჯი ელის” დირექტორმა, ივანე თარხნიშვილმა კომისიას გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ GNCC-ის მიერ გაგზავნილი 14 აპრილის წერილი გადაუგზავნა სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია Conticorp Limited-ს, რომელიც www.adjaranet.com-ს მართავს:
“www.adjaranet.com-ის ადმინისტრირებას ახდენს Conticorp Limited და შპს “სი ჯი ელი” მასთან იმყოფება მხოლოდ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში და არანაირი კავშირი არ აქვს ვებ-გვერდზე პროდუქციის განთვსებასთან,”- ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს “სი ჯი ელის” დირექტორი, ივანე თარხნიშვილი აწერს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ Registration.ge-ზე დომენი www.adjaranet.ge სწორედ შპს “სი ჯი ელის” მიერ არის დარეგისტრირებული.
რა არის კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელი პროდუქცია?
GNCC განმარტავს, რომ დაუშვებელ პროდუქციად ითვლება საავტორო უფლებების დარღვევით გადაცემული პროდუქციაც:
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-101 მუხლის შესაბამისად, ინტერნეტმომსახურების გამწევი პირი, ინტერნეტპროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, ხოლო ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2 ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კომისიის რეგლამენტის დარღვევა სანქციის დაკისრების საფუძველია,”- აღნიშნულია განცხადებაში.
GNCC-ის პრესსპიკერი, ხატია ყურაშვილი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ კომისია მუშაობს ვებ-პორტალის შექმნაზე, სადაც განთავსდება საავტორო უფლების მქონე პროდუქციის ჩამონათვალი და ვებ-გვერდებს ექნებათ შესაძლებლობა, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით გადაამოწმონ ინფორმაცია კონკრეტულ ფილმზე ან სერიალზე.