თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტვ საქართველოს წილებს ყადაღა მოეხსნა. ტვ საქართველო რუსთავი 2-ის წილის 51 პროცენტს ფლობს და მას ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით დაედო გასულ წელს. მაშინ ტვ საქართველოს წილზე ყადაღის დადება ქიბარ ხალვაშმა მოითხოვა და საფუძვლად გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფა დაასახელა. ხალვაშის მხარე დამატებით 18 მილიონს ითხოვდა. ბიზნესმენის თქმით, ეს ის 18 მილიონია, რომელსაც იგი შემოსავლის სახით მიიღებდა, თავის დროზე რუსთავი 2-ის წილები რომ არ დაეთმო. 18 მილიონის მოთხოვნა ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა, ხოლო ყადაღა, რომელიც ამ სასარჩელო მოთხოვნის უზრნველსაყოფად იყო გათვალისიწნებული, არ გააუქმა:
“შემაჯამაბელი გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა ეს სასარჩელო მოთხოვნა და გაუგებარია, თუ გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა, იმავე დღეს რატომ დატოვა მისი უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს იყო ძირითადი უკნონობა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნობირობა სახეზე არ იყო. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად საფუძველი არ ჰქონდა, რომ ძალაში დაეტოვებინა [ეს ყადაღა]”, – აცხადებს რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი ურთმელიძის მიერ ზემოხსენებული ყადაღის არგაუქმებას საპროცესო შეცდომას უწოდებს:
“ეს ყადაღა გამოყენებული იყო იმ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, რომელიც 18 მილიონს ეხებოდა, ანუ ზიანის ანაზღაურებას , რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, რომელსაც მიიღებდა ქიბარ ხალვაში, ის რომ ყოფილიყო მთელი ამ პერიოდიში განმავლობაში რუსთავი 2-ის მესკაუთრე. ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფლა ჩვენი მოთხოვნა. აქ, ჩემი აზრით, საპროცესო შეცდომა მოხდა. როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი 18 მილიონის თაობაზე, თვითონვე უნდა გაეუქმებინა ყადაღის განჩინება, მაგრამ თვითონ ეს არ გააკეთა და ამ დროს სარჩელზეც უარი გვითხრა”, – ამბობს სალია, რომელიც ზემოხსენებულ 18 მილიონზე ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს.
ცვლილება არ შეხებია ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, რომელიც ამჟამადაც დაყადაღებულია. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში გამოცხადდა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ძალაში შესული არაა, რადგან ის სააპელაციო წესით გაასჩივრეს.
ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2–ის” 51%-ს ფლობს. რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” 2015 წლის ოქტომბერში უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებული იყო, რომ მყიდველს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის 6 მილიონი აშშ დოლარი გრაფიკით უნდა ჩაერიცხა. “რუსთავი 2–ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება “საქართველოს” წილებისთვის ყადაღის დადების თაობაზე, თავის დროზე ტელეკომპანიის დახურვის მცდელობად შეაფასა. გვარამიამ თქვა, რომ ხელისუფლებამ “რუსთავი 2”, ფაქტობრივად, დახურა.