პარლამენტში რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალ წესს ადგენს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში. საკანონმდებლო ინიციატივა “რესპუბლიკურ პარტიას” ეკუთვნის და ინიციატორების თქმით, ახალი მოდელი ყველა პარტიისთვის მისაღებია, მმართველი ძალის – “ქართული ოცნების” გარდა. “ოცნება” კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
სხვაობა მანდატების განაწილებაში არსებული და გერმანული მოდელებით
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 აირჩევა პროპორციული (პარტიული) სისტემით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით. ამასთან, მოქმედი საარჩევნო სისტემით, ჯამში, კონკრეტული პოლიტიკური პარტია პარლამენტში შედის არა იმ პროცენტული მონაცემის შესაბამისად, რაც მან არჩევნების შედეგად მიიღო, არამედ პროცენტული მაჩვენებელი გამოითვლება 77 პროპორციული მანდატიდან და მას ემატება გამარჯვებული მაჟორიტარების რაოდენობა.
ე.წ. გერმანული მოდელით კი, კონკრეტული პარტიის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა უფრო მიახლოებულია იმ პროცენტულ მაჩვენებელთან, რაც პარტიამ არჩევნების შედეგად მიიღო. კერძოდ, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადამლახავი პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Ni = Mi x (150-P):M.
Mi არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, P – მაჟორიტარული სისტემით იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო M – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.
თუკი საილუსტრაციოდ ავიღებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ვნახავთ, რომ მოქმედი და გერმანული მოდელებით საპარლამენტო მანდატების განსხვავებულად ნაწილდება. კერძოდ, არსებული მოდელით, 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც მიიღო ხმების 54.9%, პარლამენტში მოიპოვა 85 მანდატი (44 პროპორციული და 41 მაჟორიტარული), ხოლო “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც მიიღო ხმების 40.4%, პარლამენტში მოიპოვა 65 მანდატი (33 პროპორციული და 32 მაჟორიტარული).
გერმანული მოდელით, ანალოგიური შედეგებით, “ქართული ოცნება” პარლამენტში მიიღებდა 87 მანდატს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა – 63 მანდატს.
განსხვავება უფრო თვალშისაცემი ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იღებს არჩევნების შედეგად 30%-ზე მეტს, რაზეც მიანიშნებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული არაერთი ბოლოდროინდელი კვლევა. მაგალითისთვის ავიღოთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, 5%-იან ბარიერს გადალახავს 5 პოლიტიკური პარტია: “ქართული ოცნება” (19%), “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (18%), “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი” (12%), “თავისუფალი დემოკრატები” (11%), “ლეიბორისტული პარტია” (8%). ამასთან, ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ამავე პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარული არჩევნების შედეგები გადანაწილდა ასე: “ქართული ოცნება” (37), “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (13), “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი” (9), “თავისუფალი დემოკრატები” (8), “ლეიბორისტული პარტია” (6). ასეთი შედეგების პირობებში, მოქმედი საარჩევნო სისტემით საერთო მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდებოდა: “ქართული ოცნება” (62), “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (32), “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი” (24), “თავისუფალი დემოკრატები” (19), “ლეიბორისტული პარტია” (13). ხოლო გერმანული მოდელით “ქართული ოცნება” მიიღებდა 14 მანდატით ნაკლებს (48), “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 4 მანდატით მეტს (36), “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი” – 5 მანდატით მეტს (29), “თავისუფალი დემოკრატები” – 3 მანდატით მეტს (22), “ლეიბორისტული პარტია” – 2 მანდატით მეტს (15). თუკი ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ”, 73-ივე მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვა გამარჯვება, ხოლო პროპორციულ არჩევნებში მიიღო ხმების 19%, არსებული მოდელით, “ოცნებას” პარლამენტში შეჰყავს 88 დეპუტატი, ანუ მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში. გერმანული მოდელით კი, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება” მიიღებს მხოლოდ 73 მანდატს, ანუ პარლამენტში შევლენ მხოლოდ მაჟორიტარები და ვერავინ პარტიული სიიდან. ამ შედეგით, “ოცნება” ვეღარ ახერხებს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას.
“ასეთი სისტემა ყველა პოლიტიკურ პარტიას აწყობს “ქართული ოცნების” გარდა,” – ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამეტნო ფრაქციის თავმჯდომარე, დავით ბერძენიშვილი.
არის თუ არა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ე.წ. გერმანული მოდელი?
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს “ოცნება” მხარს არ დაუჭერს, ხოლო მიზეზად არა მანდატების დაკარგვის შიშს, არამედ კონსტიტუციასთან შეუსაბამობას ასახელებს:
“რეალურად, ამ მოდელით მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები გადადიან პროპორციულ სიაში. ისინი პროპორციულად არჩეული დეპუტატების ადგილს იკავებენ და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური თვალსაზრისით, მოდელთან დაკავშირებით სეიოზული კითხვები ჩნდება. ეს შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააბათილოს.
გვეუბნებიან, პროპორციული სიით რასაც აიღებ, ის არის რეალური მხარდაჭერაო და მე ამას ვერ დავეთანხმები, ვერ დავეთანხმებით ჩვენ. გასაგებია, რომ სიის შედეგი განიხილება როგორც პარტიის მხარდაჭერა, მაგრამ თუ მანდატს გმატებს მაჟორიტარის გამარჯვება, ეს მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის” არ არის, ეს ნებისმიერი პარტიისთვის არის, ყველას შეუძლია მოიგოს”.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება დავით ბერძენიშვილი და აცხადებს, რომ ეს მოდელი არანაირად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მათ შორის, არც ის საკითხი, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის უფლება ერთმევათ.
“ასე რომ არ იყოს, დაირღვევა წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის მთავარი პრინციპი – მიღებული მანდატების რაოდენობა პროპორციულია მიღებული ხმებისა,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დავით ბერძენიშვილის აზრით, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან, რომლის მიხედვით, არსებული კანონმდებლობით გაუმართლებლად იზღუდება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება:
“თუ თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარულ ოლქში აქვს საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის წარდგენის უფლება, პრეზიდენტის არჩევნებში აქვს, მერების და გამგებლის არჩევნებში რატომ არ აქვსო? ეს ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ ეს არაფერ შუაშია საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან. ამაზე სასამართლოს არაფერი უთქვამს და, შესაბამისად, ეს აკრძალვა არ არის.”
შესაძლოა თუ არა “გერმანული მოდელის” დამტკიცება პარლამენტში “ოცნების” თანხმობის გარეშე?
კანონპროექტის მიღებას 76 ხმა სჭირდება. თეორიულად მისი მიღება მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელია. პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში 82 დეპუტატი ერთიანდება “რესპუბლიკელების” ჩათვლით. რესპუბლიკელებს გარეშე “ქართულ ოცნებას” 72 დეპუტატი რჩება, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ – 78 დეპუტატი. ამ შემთხვევაში საკითხავია, რამდენად შეძლებენ “რესპუბლიკელები” ყველა დეპუტატის მიმხრობას.
“ეს არის პროცესი და კანონპროექტის მიღების ალბათობა არსებობს. ამას ძალიან დიდი მობილიზება სჭირდება,”- ამბობს დავით ბერძენიშვილი.
“საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ კანონის მიღებისას “დიდი მობილიზება” არ გასჭირვებია “ქართულ ოცნებას”. ხმის დასაჭერად პარლამენტში კობა დავითაშვილიც კი მივიდა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდგ განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა. კანონპროექტს მხარი “ეროვნულმა ფორუმმაც” დაუჭირა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დატოვა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ასევე უცნობია, რას გადაწყვეტენ უპარტიო მაჟორიტარები, რომლებმაც 2012 წლის მერე “ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვეს. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობაში არიან “კონსერვატორები” და “მრეწველები”.
“[კანონპროექტის მიღების] თეორიული შანსი არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ძალიან რთული განსახორციელებელია. ამას წმინდა პოლიტიკური თამაშის ხასიათი მიეცემა და ეგეც არ გვინდა. ასე რომ, ჩვენი შემოთავაზებული მოდელი სახელმწიფოს სტაბილურობისთვის და ხელისუფლების სტაბილურობისთვის არის აუცილებელი,”- აცხადებს გია ვოლსკი.