ზურაბ ტყემალაძის თქმით, “მრეწველები” ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა:
“არ ვუჭერთ მხარს. მიზეზი ის არის, რომ გაუგებარი მოდელია, ჩვენს რეალობას ვერ მოერგება და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუცია ცნობს, რომ პროპორციული წესით უნდა აირჩეს 77 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარული სისტემით- 73. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა კონფიგურაცია კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. თან ამ მოდელის ახლა შემოტანა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორედ,” – ამბობს ტყემალაძე.
დეპუტატის თქმით, ასეთი სისტემა მის პარტიას აწყობს, მაგრამ ამის გამო კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:
“კი, მაწყობს მე, ნამდვილად უფრო მაწყობს ეს სისტემა, როცა დამოუკიდებლად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რახან მაწყობს, ეს სწორია. პარტიებმა ასე არ უნდა იმსჯელონ კატეგორიით – მე მაწყობს და ამიტომ გავაკეთოთ.”
“რესპუბლიკური პარტიის” მიერ ინიცირირებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.