ახალი ამბები

ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი ვარიანტი აქვს მომზადებული – ბურჯანაძე

9 თებერვალი, 2020 • 1976
ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი ვარიანტი აქვს მომზადებული – ბურჯანაძე

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ელჩების მედიაციით მიმდინარე შეხვედრების მე-5 რაუნდის წინ ოპოზიციას სააარჩევნო სისტემაზე ახალი ვარიანტი აქვს მომზადებული, რომელიც “ძალიან ჰგავს გერმანულ მოდელს”, მაგრამ მთავრობის ჩამოყალიბებას იძლევა მყიფე უმრავლესობის რისკების მინიმალიზაციის საშუალებას.

ამის შესახებ ბურჯანაძემ “ფორმულას” ეთერში, სოფო ზურაბიანის გადაცემაში (“პოლიტიკის ფორმულა”) ისაუბრა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.

„სხვათაშორი,  მენიშნა ბატონი [მამუკა] მდინარაძის განცხადება, რომელიც მოულოდნელად გონივრული და კორექტული იყო. მან თქვა, ოპოზიციიდან გონივრულ წინადადებებს განვიხილავთო. ჩვენც მიგვაჩნია, რომ გვაქვს გონივრული წინადადებები, რომელიც ნამდვილად კომპრომისულია, ოღონდ არა 100/50-ზე, იმიტომ რომ 100/50-ზე არღვევს იმ  პრინციპს, რომლისთვისაც იბრძოდა ახალგაზრდობა, პარტიები და საზოგადოება. ეს არღვევს პროპორციულობის პრინციპს…

ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, წინასწარ გახმოვანება არ მინდა, მაგრამ ეს ძალიან ჰგავს გერმანულ მოდელს, მაგრამ არის ახალი ვარიანტი, რომელიც იძლევა კრიზისების [მყიფე უმრავლესობა] მინიმალიზაციის საშუალებას და ამავდროულად იქნება პროპორციულობის პრინციპი დაცული“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ელჩების მიერ ინიცირებულ ფორმატში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში უნდა შედგეს. ადაპტირებული “გერმანული საარჩევნო” მოდელის წინადადებას ხელისუფლება არ თანხმდება. “ქართული ოცნება” ოპოზიციას სთავაზობს 100/50-ზე მოდელს, სადაც 100 დეპუტატი პროპორციული წესით, პარტიული სიებით აირჩევა, ხოლო 50 – მაჟორიტარულად. ოპოზიციისთვის ეს წინადადება მიუღებელია. მთავარი პირობა, რის სანაცვლოდაც ხელისუფლება ამ მოდელზე მხარდაჭერას ადასტურებს, არის, რომ არამხოლოდ 2020 წლის, არამედ 2024-ის არჩევნებიც ამ წესით უნდა ჩატარდეს. მოქმედი კონსტიტუციით კი 2024 სრულად პროპორციული არჩევნები იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი