ახალი ამბები

ODIHR-მა კონსტიტუციორობაზე არ იმსჯელა და ფართო კონსენსუსისკენ მოგვიწოდა – ლომჯარია

6 თებერვალი, 2020 • 2011
ODIHR-მა კონსტიტუციორობაზე არ იმსჯელა და ფართო კონსენსუსისკენ მოგვიწოდა – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უარი თქვა, ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე ემსჯელა და მთავარი რეკომენდაცია გასცა, რომ საარჩევნო სისტემა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეირჩეს.

“ფაქტია, რომ აღნიშნულ დასკვნას იზიარებს და მიესალმება როგორც ოპოზიცია, ასევე, ხელისუფლება. შესაბამისად, სახალხო დამცველმა შეასრულა ძალიან პოზიტიური როლი და მაქსიმუმი გააკეთა, რომ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნა ყოფილიყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი იყო შუამავალი ოპოზიციასა და ეუთო/ოდირს შორის, რადგან მხოლოდ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოსაზრებებისთვის შეკითხვა გაგვეგზავნა. შეკითხვა გავლილი იყო თავად ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, პირადად არაერთხელ ვესაუბრე და მათ იცოდნენ, რა იყო ჩვენი და კანონპროექტის ავტორების, ანუ ოპოზიციის მოლოდინები. მე პირადად არ მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი პირდაპირ იტყოდა, კონსტიტუციური იყო თუ არა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ გარკვეული მინიშნებები, თუნდაც ირიბად გაკეთებულიყო მათი მხრიდან”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის შეკითხვა ODIHR-ისადმი მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენად შეესაბამებოდა წარმოდგენილი კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, მოქმედი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში რამდენად შესაძლებელი იყო ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ლომჯარიას თქმით, კითხვა რომ ასე იქნებოდა ფრომულირებული, ODIHR-მა წინასწარ იცოდა და მათ არ უთქვამთ, რომ კონსტიტუციურობის საკითხს არ შეეხებოდნენ.

“ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ის საერთოდ ვერ იმსჯელებს, წარმოდგენილი კანონპროექტი არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. მან აპრიორი უარი განაცხადა ამაზე მსჯელობაზე. თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციურობის საკითხი და უნდა გადაწყვიტოს ეროვნულმა სასამართლოებმა. ამ შემთხვევაში საქართველოში ასეთი სასამართლო არის საკონსტიტუციო სასამართლო. თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვენთან საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, განიხილავს უკვე ძალაში შესული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას. შესაბამისად, საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც იტყვის, არის თუ არა კანონპროექტი  კონსტიტუციური. მაგრამ ეუთო/ოდირმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, როდესაც თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა რა ტიპის საარჩევნო სისტემას აირჩევს, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა ინკლუზიური დებატის და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყოს შერჩეული. შესაბამისად, მათი ძირითადი რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსის და ჩართულობის შედეგად მოხდეს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებების საპასუხოდ, რომ ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, ლომჯარია ამბობს, რომ ვერ ხვდება, რატომ უნდა გრძნობდეს თავს უხერხულად. პირიქით, ომბუდსმენმა ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა.

“ფაქტია, რომ ორივე მხარე კმაყოფილია დასკვნით და იყენებენ მათი არგუმენტების გასამყარებლად. ეს ნიშნავს, ჩვენი ჩართულობით პოზიტიური შედეგი დავდეთ”, – დასძინა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველს ე.წ. გერმანულ მოდელის კანონპროექტის მოსაზრებებისთვის ODIHR-ში გაგზავნის თხოვნით ოპოზიციამ მიმართა. ოპოზიციურ პარტიებს კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნის სურვილიც ჰქონდათ, თუმცა ამის ბერკეტი მხოლოდ ხელისუფლებას აქვს, რაზეც “ოცნება” უარს აცხადებს.

გამოქვეყნდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის მიერ მომზადებული დასკვნა ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას ეხება. საუბარია ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებულ ვარიანტზე მრავალმანდატიან ოლქებში. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ.

რა წერია ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი