ახალი ამბები

მეჭიაური არ ამბობს, მხარს დაუჭერს თუ არა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს

19 მაისი, 2016 • 1033
მეჭიაური არ ამბობს, მხარს დაუჭერს თუ არა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს

“რას გადავწყვეტ, ეს მე ვიცი,”- ასე პასუხობს თამაზ მეჭიაური ჟურნალისტების კითხვას, მხარს დაუჭერს თუ არა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს.

დეპუტატის თქმით,  კანონპროექტის მისაღებად “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრების გადაბირების შანსი მაღალია. მეჭიაური ფრაქციის ლიდერებს მოუწოდებს, თანაგუნდელებს მეტი ყურადღებით მოექცნენ:

“პატარა პარტიები, რომლებსაც შანსი აქვთ ცალკე ან ვინმესთან ბლოკში გადალახონ საარჩევნო ბარიერი, თვლიან, რომ მათ მაჟორიტარების გაყვანის შანსი თითქმის არ აქვთ. მათთვის მთავარია პარტიული სიით მანდატების მიღება. თუ პარტია 6%-ს მიიღებს არჩევნებზე, გერმანული სისტემით მას დამატებით 4 მანდატი შეხვდება.  კანონპროექტის მომხრეები ლოგიკურად იქცევიან, მიდიან და დეპუტატებს ელაპარაკებიან, მხარი დაუჭირე და მე ჩაგწერ სიაშიო. ის თუ დათანხმდება, ამ პარტიას დამატებით ოთხი ადგილი შეხვდება და ამ ოთხიდან   ერთს კი მისცემს,”- ამბობს მეჭიაური და აღნიშნავს, რომ პარლამენტში მოსახვედრად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ კანონს მიიღებე, თუ არა, რადგან “ოცნების” არც პროპორციულ სიაში იქნება და არც მაჟორიტარობის კანდიდატი.

ასეთ ვითარებაზე საუბრისას მეჭიაური ანეკდოტს იხსენებს:

“ერთი ძველი ანეკდოტია. ებრაელი მივიდა ბაზარში და კახელისგან ათი ქათამი იყიდა ნისიად და სამი “ბედ” დაუტოვა. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. თავისივე ქათმები დაუტოვა ნისიად და შვიდი წაიღო.  ადამიანი ფიქრობს: მე თუ არ ვიქნები პარლამენტში, მაშინ ერთის ნაცვლად ორი კვაჭანტირაძე უნდა იყოსო. ფიქრობს, ორი კვაჭანტირაძის ყოფნას ჩემი ყოფნა ხომ სჯობსო. შეიძლება მიიღოს კანონპროექტის მხარდაჭერის განცხადება. ”

“რესპუბლიკური პარტიის” მიერ ინიცირირებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი