ახალი ამბები

ანტიკრიზისულმა საბჭომ „ტყის კოდექსი“ ვერ განიხილა

21 ნოემბერი, 2011 • 964
ანტიკრიზისულმა საბჭომ „ტყის კოდექსი“ ვერ განიხილა

პარლამენტის ანტიკრიზისულმა საბჭომ „ტყის კოდექსის“ განხილვა ვერ მოახერხა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძემ სხდომაზე კოდექსის ძველი ვარიანტი წარმოადგინა.

აღნიშნული დოკუმენტი არის 30- გვერდიანი. თქვენ მიერ წარმოდგენილი ვარიანტი მოძველებულია და ახალ ვარიანტში უკვე დაახლოებით 28 გვერდია შეცვლილი, ამიტომ თქვენს დასმულ კითხვებზე პასუხი იქნება ცალსახა: მიმდინარეობს დოკუმენტის დამუშავება და შენიშვნები გათვალისწინებულია,“ – განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საბჭოს სხდომაზე.

მისივე თქმით, „ტყის კოდექსზე“ მუშაობა სამინისტროში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მისი თქმით, კანონპროექტი მზად თვის ბოლოს იქნება და შემდეგ, პროცედურულად, ჯერ მთავრობას გადაეგზავნება განსახილველად, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოში შევა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ტყის კოდექსის მომზადების საფუძველი ავსტრიის კოდექსი გახდა.

„ავსტრიის კოდექსი გვაქვს ბაზად აღებული და ამ დოკუმენტზე ავსტრიელი ექსპერტი მუშაობს, რომელიც არასამთავრაბო ორგანიზაციებს ხვდება და მათ შენიშვნებს ითვალისწინებს. კოდექსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა 100 კითხვა მოგვწერეს. 83 კითხვას პასუხი უკვე გავეცით და 17 კითხვაზე პასუხი მზადდება,“ –  განაცხადა ხეთაგურმა.

მინისტრის განცხადებით, კოდექსის საკვანძო საკითხი ტყის ინვენტარიზაციაა. მისი თქმით, ტყის ინვენტარიზაცია კერძო კომპანიამ უნდა განახორციელოს, რომელიც ტენდერის საფუძველზე შეირჩევა. ტენდერს ბუნებრივი რესურსების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

ჩემი აზრით, სასურველია, ტყის ინვენტარიზაცია კერძო კომპანიამ განახორციელოს, ხოლო გეგმა სახელმწიფომ გაუწეროს“–აცხადებს ხეთაგური.

მინისტრის თქმით, მისმა უწყებამ შეთანხმებას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიაღწია.

„ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე ხელმძღვანელობს, მასთან კონსენსუსი გამორიცხულია, რადგან ის ისეთ საკითხებზე გვედავება, რომელიც თავის დროზე თავად უნდა განეხორციელებინა, ახლა კი მორალური უფლება არ აქვს, ჩვენ მიგვითოთოს,“  – აცხადებს ხეთაგური.

ანტიკრიზისული საბჭოს წევრმა ზურაბ ტყემალაძემ თორთლაძეს დროის დაზოგვა და საკითხის სხვა დროისთვის განხილვა შესთავაზა, რადგან ანტიკრიზისულ საბჭოზე წარმოდგენილი დოკუმენტი მოძველებული აღმოჩნდა. ზურაბ ტყემალაძემ შეხვედრა დატოვა, ხოლო თორთლაძე იძულებული გახდა, სხდომა დაეხურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი