“ადამიანების დაპატიმრების გადაწყვეტილებას ემოციურად, რასაკვირველია, განვიცდი, მაგრამ სამართლებრივად ნამდვილად ვერ შევაფასებ,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, გია ვოლსკიმ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის მისჯის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, არსებობს გასაჩივრების სამართლებრივი გზები:
“საკმაოდ დიდი ინფორმაციაა გამოსული, თუ რაში ედებათ ბრალი, და არსებობს გასაჩივრების სამართლებრივი გზები,”- აღნიშნა ვოსლკიმ.
სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 16 მაისს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მათ პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და მოსამართლეს “ბრძანების შესრულებაში” ადანაშაულებს.