ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო: მინისტრს GPB-ის დირექტორთან ევროვიზიის საკითხზე არ უსაუბრია

15 მაისი, 2016 •
კულტურის სამინისტრო: მინისტრს GPB-ის დირექტორთან ევროვიზიის საკითხზე არ უსაუბრია

ექსპერიმენტის სახით, რუსული ტელეარხის “НТВ” გადაცემა “ზარის” ჟურნალისტები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს უკრაინის კულტურის მინისტრის სახელით დაუკავშირდნენ და “ევროვიზიის” კონკურსში დახმარება სთხოვეს. აუდიოჩანაწერში გიორგაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს გიორგი ბარათაშვილს დაუკავშირდება და გაარკვევს, როგორ შეიძლება დახმარება; თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინას საქართველოს მხრიდან თანადგომა ყოველთვის აქვს. “უკრაინელი მინისტრი” ასევე სთხოვს მიხეილ გიორგაძეს, რომ რუსეთსაც ნორმალური ქულა დაუწერონ.

კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი მინისტრსა და ტელევიზიას შორის შედგა, თუმცა, მათი თქმით, გიორგაძე დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის კულტურის მინისტრს ესაუბრებოდა.

“საუბარი ნამდვილად შედგა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გადაცემაში გამოყენებულ სატელეფონო ჩანაწერში არაფერია შეცვლილი. მინისტრი დარწმუნებული იყო, რომ საკუთარ კოლეგას ესაუბრებოდა,” – აცხადებს სამნისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღავანელი ქეთი ებანოიძე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ მიხეილ გიორგაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან ამ თემაზე არ უსაუბრია. GBP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში კი ჩანაწერის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და არც ის იციან, ესაუბრა თუ არა ბარათაშვილი მინისტრს.

2016 წელს “ევროვიზიის” კონკურსზე ხმის მიცემის ტექნიკა შეიცვალა. გასულ წლებში გამარჯვებული მხოლოდ შემოსული ზარების რაოდენობით სახელდებოდა; მაგრამ ახალი წესის თანახმად, შეფასებაში ჟიურიც ერთვება, რომელიც ქვეყნის სახელით გადასცემს კონკურსანტებს ქულებს. ამას შემდეგში ემატება მაყურებელთა ხმები.

რუსულ ტელევიზიაში მომზადებული გადაცემა “ევროვიზიის” პოლიტიკურ კონტექტს შეეხო და ავტორები დაუკავშირდნენ, როგორც სხვადახვა ქვეყნის მინისტრებს, ასევე თავად წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულს, უკრაინის წარმომადგენელს ჯამალას. მიხეილ გიორგაძის სატელეფონო ჩანაწერის მოსმენა გადაცემის მე-19 წუთზეა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი