კოალიცია “ქართული ოცნების” სუბიექტებმა გადავწვიტეთ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, – ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 14 მაისს, სპორტის სასახლეში პარტიის ყრილობაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყრილობის დელეგატებს და საკრებულოებში ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მიმართა, რომ პრობლემების განსასაზღვრად ხვალიდან პირდაპირი შეხვედრები დაიწყონ მოსახლეობასთან:
“კონკრეტულად განსაზღვრეთ ადგილზე პრობლემები, რათა კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი ხალხის უშუალო საჭიროებებზე და მზად ვიყოთ ყველა ასეთ საჭიროებებზე რეაგირებისთვის.”
კვირიკაშვილის განცხადებით, კოალიციის სუბიექტები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილებას, რაც სავსებით ნორმალური და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესია. პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ვისაც საქართველოს უკეთესი მომავალი სურს, წარმატება უსურვა:
“ბატონებო, სულ მალე ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა. მოგეხსენებათ, კოალიციის სუბიექტებმა გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი არჩევნებში. ეს სავსებით ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი გახლავთ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისთან ერთადაც გავიარეთ ეს ურთულესი პროცესი. დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეთ და ჩვენს ხალხსაც მივცეთ დამოუკიდებელი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამას ვისურვებდი, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის და არა კონფრონტაციის პირობებში. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიული პრინციპების დაცვით. ჩვენ ეს შევძელით წინა ორ არჩევნებში და შევძლებთ ახლაც. როგორც პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და თავისუფალ საარჩევნო გარემოში კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვისაც საქართველოს უკეთესი მომავალი სურს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად დაამტკიცეს. ასევე, ერთხმად დაამტკიცეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. ძველ წევრებთან ერთად, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა დელეგატებს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა წარუდგინა.
ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: კახა კალაძე – პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი ვოლსკი – დეპუტატი, მანანა კობახიძე – დეპუტატი, ეკა ბესელია – დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი – დეპუტატი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური – ფინანსთა მინისტრი, ზვიად კვაჭანტირაძე – დეპუტატი, გედევან ფოფხაძე – დეპუტატი, ირაკლი კობახიძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი, დავით ბაქრაძე – ევროინტეგრაციის მინისტრი, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე – იურისტი სამართლის დოქტორი, ირინე ფრუიძე – ახალი მემარჯვენეების ყოფილი წევრი, რომან კაკულია, სოფიო კილაძე – შსს-ს აკადემიის პრორექტორი, აკაკი ზოიძე – კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჯანმრთელობის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარი, ზვიად გონაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ყრილობას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
ყრილობა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა და დელეგატებს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინა. მან ასევე მიმოიხილა “ქართული ოცნების” ხელისუფლების საქმიანობა 4 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ დელეგატებს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მიმართა და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ყრილობა დასრულდა.