პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს 14 მაისს თბილისში გამართულ პარტიის ყრილობაზე.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ წარადგინა. პარტიის ყრილობაზე მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
თბილისში, სპორტის სასახლეში პარტია “ქართული ოცნების” რიგით მე-4 ყრილობა ტარდება. მას პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
ყრილობას ასევე ესწრება კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2015 წლის ბოლოს თანამდებობიდან გადადგა.
“ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის დელეგატების გარდა ესწრებიან მიწვეული სტუმრებიც.