ახალი ამბები

2017 წლიდან მოგების გადასახადი გაუქმდება

13 მაისი, 2016 •
2017 წლიდან მოგების გადასახადი გაუქმდება

დღეს, 13 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით,  85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2017 წლიდან საქართველოში მოგების გადასახადი გაუქმდება.

პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

13 არილს ამ კანონპროექტის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა შენობაში 100-ზე მეტი დეპუტატი იყო.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მისი ავტორი კი ფინანსთა სამინისტროა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე დადებით გავლენას მოახდენს:

► დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში;

► პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით;

► ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს;

► რეფორმის შედეგად, ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;

► გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;

► გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;

► შემცირდება  გარე ფინანსური შეზღუდვები;

► ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;

► ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად, გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;

► გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;

► გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, დაახლოებით რამდენით შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ შემოსავლების მოცულობას ბიზნესის წარმომადგენლების მოგების გადასახადისგან გაუქმება, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოგების გადასახადის ამოქმედების ვადამ ბიზნესთან შეთანხმებით გადაიწია 2017 წლის 1 იანვრამდე, მთავრობა აგრძელებს მუშაობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაციის მიმართულებით, რათა აღნიშნული რეფორმის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იყოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტული პროექტების სათანადო დაფინანსება და, ამავდროულად, მოხდეს ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლი”.

“ნაციონალური მოძრაობა” საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა. იგი განმარტავს, რომ რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მეწარმეებისთვის პრობლემების შექმნა შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი