ახალი ამბები

რასმუსენი: საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება

10 ნოემბერი, 2011 • • 999
რასმუსენი:  საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება
“მომავალ წელს თქვენ  ავღანეთში ყველაზე დიდი წარმომადგენელი გახდებით,” – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად  ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, მომავალ წელს, ამ პერიოდისთვის,  ავღანეთში ყველაზე დიდი წარმომადგენელი საქართველო გახდება:
“თქვენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აიღეთ ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მისიის წარმომადგენლობა გახდეს კიდევ მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი საზღვრებისთვის. თქვენ ხართ “ISAF”-ის მნიშვნელოვანი წევრი და ამისთვის  მინდა მადლობა გადაგიხადოთ,” – აღნიშნა რასმუსენმა.

ბრიფინგზე მან ყურადღება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონების მიმართ საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

“მე ასევე მივესალმები თქვენს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამოიყენოთ ძალა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ნატო–ს პოზიცია საკმაოდ ნათელია ამ მიმართულებით და ეს არის საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი. ისინი კვლავ რჩებიან საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგია,” – განაცხადა რასმუსენმა.

გენერალური მდივანი ასევე 2012 წელს დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით აღნიშნული სამიტისთვის მოსამზადებელი პერიოდი არ დასრულებულა.  

“ჩვენი ვიზიტი საქართველოში არის ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შემადგენელი ნაწილი. მოსამზადებელი პერიოდი არის 6 თვე და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ეს პერიოდი.  შესაბამისად, ჯერჯერობით არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ ნატო–ს მოკავშირეები, რასაკვირველია, განიხილავენ საქართველოს საკითხს, აქ უბრალოდ საუბარია, თუ რა და როგორ მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან დიალოგს სამიტამდე. იმედი მაქვს, რომ გადწყვეტილება, რომელიც ჩიკაგოს სამიტზე იქნება მიღებული, ალბათ ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო მიაღწევს,” – აღნიშნა რასმუსენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი