სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში მისი ანგარიშის მოსმენა უკვე მეორედ გადაიდო, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვაზე, არიან თუ არა უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერები, რასაც მოჰყვა თსუ-ში საპროტესტო აქციები და რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადადგომა, გომელაურმა უპასუხა:
“უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს, ოდეერები იყვნენ, სანამ გამოიყოფოდა შსს-დან სუს-ი, ოფიციალურად, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”.
შსს-ს სუს-ი გასულ წელს გამოეყო, რის შემდეგაც დამტკიცდა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სადაც სპეციალური უსაფრთხოების თანამშრომლის დაშვება სავალდებულოა. მანამდე კი შსს-ს თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები (“მოქმედი რეზერვის ოფიცრები”) სხვადასხვა უწყებებში იყვნენ მიმაგრებულები.
“თუმცა კანონის მიღებიდან ეს ოდეერების სამსახური გაუქმდა ავტომატურად, მოხდა 25 სუბიექტის შერჩევა და ჩვენი რეკომენდაციით ეს პარლამენტმა დაამატკიცა. ამ თემაზეც მინდოდა მე საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან. 25-დან ჯერ მხოლოდ 13 სუბიექტშია დანიშნული ჩვენი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, 12-ში ჯერ კიდევ არავინაა. რადგან ეს არ წყდება ერთპიროვნულად, ახლა ეს ჩემი ბრძანებით ვეღარ წყდება, თუ ორმხრივი თანხმობა არ იქნება – ჩვენგან და იმ სუბიექტისგან. თუ პარლამენტი გააუქმებს ამ თემას, ჩვენ შევასრულებთ”, – განაცხადა გომელაურმა.
უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების სია ასე გამოიყურება:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“.
14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
15. სს „თელასი“.
16. სს „საქართველოს რკინიგზა“.
17. სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“.
18. შპს „ენგურჰესი“.
19. შპს „საქაერონავიგაცია“.
20. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.
21. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.
22. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი.
23. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
24. ქალაქ ბათუმის პორტი.
25. ქალაქ ფოთის პორტი.