ახალი ამბები

რაზე ესაუბრა ოპოზიცია ნატოს დელეგაციას

10 ნოემბერი, 2011 • 1030
რაზე ესაუბრა ოპოზიცია ნატოს დელეგაციას

ნატოს დელეგაციასა და საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერების განცხადებით, ეს იყო, ძირითადად, ინფორმციების გაცვლის შეხვედრა, სადაც ნატოს ელჩები გაეცნენ იმ რეფორმებს, რაც ქვეყანაში ტარდება.

„ნატოს დელეგაციის წარმომადგენლები ძალიან ჩახედულები არიან ქვეყანაში რეალურად მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში. ისინი არიან განწყობილები, რომ ამ პროცესებზე მოახდინონ პოზიტიური გავლენა. შეხვედრაზე ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ გვესაუბრა დემოკრატიასთნ და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მათი მხრიდან ითქვა, რომ ამ პროცესებში, რომლებშიც ჩვენ ვართ ჩართულები, იქნება სერიოზული თანადგომა ნატოს მხრიდან. მინდა, ასევე, ხაზგასმით აღვნიშნო ელჩების მხრიდან გამოთქმული პოზიცია, რომ ნატო მხარს უჭერს არა ერთ პიროვნებას ან ერთ პარტიას, არამედ მხარს უჭერს სახელმწიფოს და იქ მიმდინარე დემოკრატიულ პორცესებს”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ შეხვდრიდან გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, ჩიკაგოს სამიტზე საქართველო ნატოსგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას არ უნდა ელოდოს:

“2012–2013 წლების არჩევნები არის ტესტი მაპ–ისთვის, ასე რომ, ჩიკაგოს სამიტისთვის არ უნდა შეგვექმნას ცრუ იმედები. ეს არაერთგზის ითქვა ნატოს მხრიდან და, ასევე, ითქვა ისიც, რომ ყველა სერიოზული პროგრესი, რაც შეიძლება განხორციელდეს ნატოში ინტეგრაციასთნ მიმართებაში, მათ შორის მაპი, ეს იქნება პირდაპირ დამოკიდებული 2012–13 წლების არჩევბენზე,“ – აცხადებს კაციტაძე.

ნატოს დელეგაციასთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია.

„ელჩები ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციებს და მთავარი, რასაც ყველა ელჩი და პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდანაც ვაფიქსირებდით, არის ის, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს არის ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა. ეს არის ის სტანდარტი, რომლის შემდეგ რეალური გახდება ჩვენი ნატოში გაწევრიანება”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის სურვილია:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს საქართველოს გაწევრიანება ნატოში დ არა მიხეილ სააკაშვილის საპროპაგანდო მანქანისთვის მორიგი საფუძველი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავინახოთ დემოკრატიული გარდაქმნების ფონზე. თუ სააკაშვილი მოინდომებს რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით ხელისუფლებაში დარჩენას, მაშინ ნატო უკან დაგვრჩება. ეს იყო ის ძირითადი სათქმელი, რასაც ნატოს დელეგაციის მხრიდან ყველა დადებითად შეხვდა,“ – აცხადებს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი