ახალი ამბები

მეჭიაური: აკადემიურად მინდა გავარკვიო ურთიერთობა ჩემს პარტიასთან

12 მაისი, 2016 •
მეჭიაური: აკადემიურად მინდა გავარკვიო ურთიერთობა ჩემს პარტიასთან

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, უახლოეს დღეებში კონსულტაციები ექნება პრემიერ-მინისტრთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან, რის შემდეგაც პარტიიდან წასვლა-არწასვლის საკითხზე განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

“მექნება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ ყოფილ პრემიერთან. დღეს ამის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ, მოგეხსენებათ, პარლამენტში კვორუმის პრობლემაა, ამიტომაც დღევანდელ სხდომას დავესწრები და სხდომაზე მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. მას შემდეგ, რაც ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები მექნება, შეიძლება ისეთი განცხადება გავაკეთო, რომელიც მთლად არ იყოს უინტერესო,” – განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებასთან” აკადემიურად სურს ურთიერთობის გარკვევა:

“მე აკადემიურად მინდა გავარკვიო ურთიერთობა ჩემს პარტიასთან. უზარმაზარ პატივს ვცემ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს და როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი მომავალი პოლიტიკური ცხოვრება, მე დავრჩები მის მეგობრად და, დარწმუნებული ვარ, მასაც იგივე დამოკიდებულება ექნება  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ცოტა განსხვავებული, ან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვქონდეს პრინციპულ საკითებზე.”

 

9 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების” წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას. მანამდე, 7 მაისს მან თქვა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.

ასევე, მეჭიაურმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნატოში ინტეგრაციას მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს.

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი პარტიის სახელით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, პარლამენტის ზოგიერთი წევრი სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით და მისი რეპუტაციისათვის საზიანო განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ მან 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი