ახალი ამბები

პრემიერი: შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და სამთავრობო ცვლილებები გამორიცხული არ არის

11 მაისი, 2016 •
პრემიერი: შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და სამთავრობო ცვლილებები გამორიცხული არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემოსა და გარდამავალი პერიოდის გამო  ქვეყნის სტრატეგიულ ხაზს აცილებული განცხადებები ჩვეულებრივი მოვლენაა.

პრემიერმა ეს განცხადება  ვაზიანში, ერთობლივ ქართულ-ამერიკულ წვრთნებზე დასწრებისას გააკეთა. იგი ასევე შეეხო რესპუბლიკელი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილისთვის მიცემულ შენიშვნასაც. პრემიერის ამ კრიტიკას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ არაობიექტური უწოდა.

“ნამდვილად შემიძლია ვთქვა დღეს, რომ ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო და ამ გარემოში, ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხდებები, რომლებიც გენერალურ ხაზს და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარი არის ის, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არ არის მუდმივი ორგანიზმი და ის არის განახლებადი ორგანიზმი.

სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგემება, თუმცა ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და, რა თქმა უნდა, ცვლილებები გამორიცხული არ არის. მაგრამ იმაზეც მინდა ერთი-ორი სიტყვით ვთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი და პერემიერ-მინისტრს სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს, მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წევრს მიუთითოს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე და ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ატეხილი უაზრო ალიაქოთი არის უადგილო,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი