რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არაობიექტური იყო.
საქმე ეხება განცხადებას, სადაც კვირიკაშვილმა რესპუბლიკელი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი გააკრიტიკა.
ზაქარეიშვილის განცხადება ეხებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების საწინააღმდეგო განცხადებას. ზაქარეიშვილმა თქვა, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება. პრემიერმა კი განაცხადა, რომ მინისტრის მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკა მიუღებელია.
„პრემიერის განცხადება, ვფიქრობ, არ იყო ობიექტური, რადგან პაატა ზაქარეიშვილმა პასუხი მოითხოვა პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებისგან და არა მთავრობის წევრებისგან, როგორც ეს გაჟღერდა პრემიერის მხრიდან. აუცილებელია, რომ პასუხი გაეცეს ერთ-ერთი ლიდერის, მეჭიაურის განცხადებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას საკუთარი ანტიდასავლური და საფრთხის შემცველი განცხადებებით. იმედს ვიტოვებ, რომ პრემიერი ობიექტურად შეაფასებს ამ პროცესს და ქვეყნის ინტერესბიდან გამომდინარე მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ “რუსთავი 2”-თან.