ახალი ამბები

ქანთარია: კარგად ვიცოდით, რომ მიხეილ გიორგაძე გასტრონომიდან არ მოდიოდა მინისტრად

11 მაისი, 2016 •
ქანთარია: კარგად ვიცოდით, რომ მიხეილ გიორგაძე გასტრონომიდან არ მოდიოდა მინისტრად

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროსა და მინისტრზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს:

“ალბათ იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ სიტუაცია აირიოს იქ და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს კაცი[მიხეილ გიორგაძე] არ მოდიოდა გასტრონომიდან, არც არასამთავრობო ორგანიზაციიდან და არც პარტიიდან. ის შოუბიზნესიდან მოვიდა და, ბუნებრივია, მას ჰყავს თანამოაზრეები, რომლებიც წამოიყვანა სამინისტროში და ასევე ეწევა საქმიანობას იმ კომპანიასთანაც, რა კომპანიიდანაც წამოვიდა.”

დეპუტატი შესაბამის ორგანოებს საქმის სწრაფად გამოძიებას მოუწოდებს:

“მიხეილ გიორგაძემ თვითონაც განაცხადა და მეც მინდა ვთქვა, სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, თუ რამე კანონდარღვევა არის ამ სფეროში. დანარჩენს რაც შეეხება, მოადგილის მამა რომ გაიოზ კანდელაკია, ეს ყველამ ვიცით და ეს კაცი მთელი ცხოვრება ამ საქმეს ეწეოდა. მე ყველას ვთხოვ, რომ როცა საუბარს დაიწყებენ, ისიც გაიხსენონ, რამდენი სიკეთე გაკეთდა ბოლო ხანებში კულტურის სამინისტროს მიერ, ფაქტობრივად, ყველა სფერო წინ წავიდა მეტ-ნაკლებად.”

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ სამინისტროს მხრიდან პროექტების დაფინანსების საკითხი, რომლის შესახებაც 6 მაისს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით – “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან. კვლევაში რამდენიმე საკითხია ხაზგასმული, მათ შორისაა ის, რომ 2015 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზფესტივალების ორგანიზების ფარგლებში “ისთერნ პრომოუშენსი” (რომლის მეწილეები მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრი და ყოფილი ბიზნესპარტნიორები იყვნენ) დაახლოებით 1 მილიონი ლარით უკონკურსოდ დააფინანსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი