საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ სამინისტროს მხრიდან პროექტების დაფინანსების საკითხი, რომლის შესახებაც გუშინ, 6 მაისს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით – “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში”.
“იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა ამ საკითხს, მე მინდა მოვუწოდო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და ბოლოს და ბოლოს წერტილი დაუსვან ამ თემას.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მისაუბრია ამ თემებზე, მუდმივად საუბარია ჩემს და ჩემი გუნდის კავშირებზე”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, როცა 20 წლის მანძილზე მუშაობ ამ სფეროში, “როცა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე ხარ და შოუბიზნესის ფორმირების სათავეში ხარ, შეუძლებელია კავშირები არ იყოს მოძებნილი”.
გიორგაძის თქმით, სწორედ მინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ, USAID-თან ერთად, შეიქმნა გამჭვირვალე დაფინანსების სქემა სამინისტროში:
“როცა ტენდერებზეა საუბარი კულტურის სამინისტროში, პრინციპულად არასწორია იმიტომ, რომ არსებობს დიდი ღონისძიებები, რომლებიც წლიდან წლამდე ფინანსდება და წინასწარაა ბიუჯეტში თანხა გამოყოფილი,” – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან. კვლევაში რამდენიმე საკითხია ხაზგასმული, მათ შორისაა:
– 2015 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების ორგანიზების ფარგლებში “ისთერნ პრომოუშენსი” (რომლის მეწილეები მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრი და ყოფილი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ) დაახლოებით 1 მილიონი ლარით უკონკურსოდ დააფინანსა;
– ჯაზფესტივალების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი დაუსაბუთებლად მაღალია. 2014 წელს “შავი ზღვის ჯაზფესტივალის” 1 029 164 ლარის ოდენობის ბიუჯეტის დაახლოებით 62,7% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 33,7 % თავად “ისთერნ პრომოუშენსის” მიერ გაწეული ხარჯები იყო, 3,6% კი კერძო დამფინანსებლებიდან (სპონსორები/მხარდამჭერები) მოზიდული. 2015 წელს “შავი ზღვის ჯაზფესტივალის” მთლიანი ბიუჯეტი 1 634 539 ლარი იყო, რაც პროექტის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 605 375 ლარით (59%-ით) მეტი დაჯდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2015 წელს ამ ხარჯის 36,9 % გაიღო, თუმცა, ვინაიდან უწყებამ უფრო დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რთულია დაფინანსების სხვა წყაროებისა და მათი პროცენტული წილის განსაზღვრა.
– პროექტ “ჰით ბათუმი 2015″-ის ფარგლებში პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 303 990 ლარი შეადგინა. ხოლო უცხოელი მომღერლების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა 909 811 ლარი მიიღო.
– შპს “სითი ფესტივალი”, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, დაარსებიდან ერთ თვეში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკონკურსოდ 365 000 ლარით დააფინანსა.
კულტურის სამინისტროს მიერ იმ კომპანიების დაფინანსების საკითხზე, რომლებთანაც პირადად იყო დაკავშირებული მიხეილ გიორგაძე, გასულ წელს “ნეტგაზეთმაც” გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.