“ჩვენ არ უნდა შეგვაშფოთო,ს თუკი ადამიანები გამოთქვამენ განსხვავებულ მოსაზრებებს. ევროპაში ეს არ უკვირთ და ბევრ ქვეყანაში არიან ასეთი მოსაზრებების მქონე პოლიტიკოსებიცა და საზოგადოებრივი ჯგუფებებიც, რომლებიც უმრავლესობის განწყობებს არ იზიარებენ”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გუშინ კომუნისტების მიერ გორში გამართული აქციის კონტექსტში პრორუსული და ანტიდასავლური განწყობების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ფარგლებში გააკეთა. ამ საკითხზე უსუფაშვულმა ჩეხ კოლეგასთან ერთად ილიაუნიში გამართულ საჯარო ლექციაზე ისაუბრა:
“ჩვენ ევროპა გვინდა იმიტომ, რომ გვსურს, თავისუფლება ამ ქვეყანაშიც იყოს შეუქცევადი… თავისუფალი აზრი, თავისუფალი შეხედულებები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ არ უნდა შეგვაშფოთოს, თუკი ადამიანები გამოთქვამენ განსხვავებულ მოსაზრებებს. ევროპაში ეს არ უკვირთ და ბევრ ქვეყანაში არიან ისეთი მოსაზრებების მქონე პოლიტიკოსებიცა და საზოგადოებრივი ჯგუფებებიც, რომლებიც უმრავლესობის განწყობებს არ იზიარებენ. მთავარია, ჩვენ არ მოვადუნოთ იმ პროპაგანდის მიმართ, რომელზეც მივუთითებთ და იგნორირება არ გავუკეთოთ, ეს არ არის სწორი. ყველა თავისუფალ საზოგადოებაში ასე ხდება, რომ იმ წამს, როდესაც საზოგადოება ამა თუ იმ ღირებულებების მხარდაჭერის კუთხით ყურადღებას მოადუნებს, რაღაც სხვა შეხედულება იკავებს მის ადგილს. ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ რა მოხდა: 10%, 7% თუ 12%-ია ის ხალხი, ვინც თვლის, რომ ევროინტეგრაცია უნდა შევწყვიტოთ… მეორე უკიდურესობაც არ უნდა დაგვემართოს და არ უნდა დავისახოთ მიზნად მათი 0%-მდე დაყვანა, ეს მთელ ქვეყანას დაგვაზარელებს, რადგან ობიექტურად ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სტალინი არის გმირი. გუშინ გვქონდა შეხვედრა ვეტერანებთან. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიოს ომი ვეტერანები 95 წელს არიან გადაცილებულები. მოვიდა ვეტერანი, რომელსაც ერთ ხელში სტალინის სურათი ეკავა, ხოლო მეორეში – ჩემგან შარშან გაგზავნილი სიგელი და მითხრა, თუ როგორ ვუყვარვართ ორივე ძალიან. მე არ დამიწყია კამათი ამ ძალიან ღვაწლმოსილ და მხცოვან ადამიანთან , მაგრამ თუ სტალინის ძეგლს რომელიმე სტრუქტურა ან თვითმმართველობა წამოჭიმავს, აი, იქაა პრობლემა. ჩვენს კოლეგებს ევროპაში არ უკვირთ, თუ კონკრეტული პირები პოზიციებს გამოხატავენ”, – თქვა უსუფაშვილმა.