ახალი ამბები

ვოლსკი: არმაზ ახვლედიანისგან განსხვავებული აზრი არასოდეს მომისმენია

10 მაისი, 2016 •
ვოლსკი: არმაზ ახვლედიანისგან განსხვავებული აზრი არასოდეს მომისმენია

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის მიერ პარტიის პოლიტსაბჭოს დატოვებას აფასებს და ამბობს, რომ ახვლედიანი პარტიაში აქტიური არ იყო:

“არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის იყო ნულს ქვემოთ. ეტყობა, გადაწყვიტა დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა შეიქმნას, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მარჯვნივ და მარცხნივ ბრალდებების სროლა, არ მგონია, მართებული იყოს. მით უმეტეს, გვარების დასახელება და, მით უმეტეს, ჩემი, უსაფუძვლოა. მე მისგან განსხვავებული აზრი არასოდეს მომისმენია. ერთხელ თქვა, ცოტა არაეთიკურად მოუვიდა რაღაც ჩვენი გუნდის მიმართ, ფრაქციის მიმართ უადგილო განცხადება გააკეთა და ჩვენ ვთხოვეთ შეეჩერებინა პოლიტსაბჭოში თავისი საქმიანობა და მან შეაჩერა კიდეც. ამის გარდა, მისი რაიმე აქტივობა ან წინადადება მე არ მომისმენია”.

არმაზ ახვლედიანი ბრალდების საპასუხოდ, რომ მისი უკანონო მოსმენა მიმდინარეობს, მეჭიაური ამბობს, რომ მისი მოსმენა საინტერესო არ არის:

“უკანონო მოსმენები აკრძალულია და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ უკანონობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, დალაგდა და კანონის ფარგლებში მოექცა. შეიძლება ეს კანონი კიდევ უფრო დასახვეწია, მაგრამ რეალურად, უკანონობაც რომ იყოს, არ მგონია არმაზ ახვლედიანი დიდად საინტერესო იყოს თუნდაც მოსასმენად.”

პარტია “ქართულო ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა დღეს, 10 მაისს, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს ტოვებს, რადგან “ქართულ ოცნებაში” ფარისევლობა და ფასადურობაა გამეფებული.

“პარტია “ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, ამოწურა ყველა ის შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმად, რომ ხელი შეეწყო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების”, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

ახვლედიანის თქმით, პარტია დღეს აფერხებს პოლიტიკური პროცესის განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას. იგი ამბობს, რომ ფასადურობა, მოჩვენებითობა გამეფებულია ქართულ ოცნებაში და მომდევნო ყრილობაზე ეს ფასადურობა სხვა ხარისხს მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი