ახალი ამბები

აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს

8 მაისი, 2016 • 1646
აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების მოთხოვნით სარჩელს შეიტანს. სტუდენტების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში “საია” დაიცავს.

თემასთან დაკავშირებით 9 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართება საიას და აუდიტორია 115-ის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

აუდიტორია #115 სადავოდ ხდის “უმაღლესი განათლების შესახებ კანონის” კონკრეტულ პუნქტებს, რომლის მიხედვითაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ენიჭებათ უფლება, იყვნენ საფაკულტეტო საბჭოში. საფაკულტეტო საბჭოში შემავალი სტუდენტ წევრებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ფაკულტეტის დეკანი და აკადემიური საბჭოს წევრი.

“ამ უფლების მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის მინიჭება თანასწორობის პრინციპის დარღვევად მიგვაჩნია. ვთვლით, რომ არსებული კანონმდებლობა დისკრიმინაციულია და ის უნდა შეიცვალოს ისე, რომ ყველა სტუდენტს თანასწორ პირობებში უნდა განიხილავდეს და ასევე ყველას თანასწორი პრინციპების მიხედვით შეეძლოს უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობა.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერები სტუდენტურ თვითმმართველობას ანიჭებს შესაძლებლობას, გაიმარტივოს უნივერსიტეტის ფინანსებზე წვდომა, არაგონივრულად ხარჯოს და საკუთარ თავზე მოირგოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის დიდი ნაწილი, რითაც ირღვევა უმნიშვნელოვანესი – სტუდენტთა თანასწორობის პრინციპი,”- ნათქვამია აუდიტორია #115-ის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი