საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პარტია “ქართული ოცნების” წევრის თამაზ მეჭიაურის დღევანდელ განცხადებას:
“ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ ფორმას იღებს უკვე. არავითარი ვალდებულება აქ მაქვს ვიჯდე და ვისმინო აბდაუბდა.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე ბატონ მეჭიაურს უბრძანებია, მე ამ გადაწყვეტილების მიმღებებისგან განსხვავებით შვილები არ მყავს გახიზნული და ქვეყნის ბედი მაღელვებსო.
ქვეყნის ბედზე, რუსულ არჩევანზე, შიშზე, ბაბაია დაუძახეზე სხვა დროს.
ეს ამბავი პირველი რომ იყოს გავატარებდი, ალბათ, მაგრამ ამ ბატონისგან კატეგორიულად მოვითხოვ, პასუხს სად და როდის გავხიზნე ჩემი შვილები, ან როცა მათ საფრთხე ემუქრეოდათ, ის თავად სად იყო, რომელი ჩირგვის ძირში?
მე ყველა გავაფრთხილე არავითარ კონტექსტში არასოდეს ჩემი შვილები არ ახსენოთ, პასუხს მოგთხოვთ-თქო. ხოდა, პატივცეულო მედია იქნებ გადასცეთ ჩემი კითხვა და დაჟინებით ითხოვოთ მისამართი!” – წერს ხიდაშელი.
მეჭიაურმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყების გუშინდელი განცხადების ფონზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.
“მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ვარ სწორი და მე ვარ უფრო ფრთხილი, გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებით ზოგიერთებისგან, მე შვილები არსად არ გამიხიზნავს – არც დასავლეთში და არც უფრო შორს, არიან ამ ქვეყანაში და განსხვავებით ზოგიერთი მათგანისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს, და მე საფრთხეს ჩემს თავზე და ჩემს შთამომავლობაზე ვგრძნობ”, – განაცხადა მეჭიაურმა.
ვაზიანში დაგეგმილ წვრთნებს გუშინ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. განცხადებაში რუსული მხარე ქართულ-ამერიკულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“. ასევე, ნახსენებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 4 მაისს გაკეთებული განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიისა და პარტნიორების დახმარების მნიშვნელობის შესახებ.
რუსეთის ამ განცხადებებს გამოეხმურა საქართველოს საგარეო უწყება და პარლამენტის თავმჯდომარე.