ახალი ამბები

თბილისის პასუხი მოსკოვს: ქართულ-ამერიკული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ

7 მაისი, 2016 •
თბილისის პასუხი მოსკოვს: ქართულ-ამერიკული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების მიერ 6 მაისს გავრცელებულ განცხადებას 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2016” შესახებ.

განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“. ასევე, ნახსენებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 4 მაისს გაკეთებული განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიისა და პარტნიორების დახმარების მნიშვნელობის შესახებ.

“როგორც ქართული და ამერიკული მხარის მიერ წინასწარვე იქნა გაცხადებული, ვაზიანში დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი აღჭურვილობითა და საბრძოლო და უზრუნველყოფის ტექნიკით. სწავლება მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო უწყების განმარტებით, აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არც ერთი მხარის წინააღმდეგ:

“ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამავდროულად, ნატოსთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია და ჩვენი არაერთხელ გაცხადებული პოზიციაა და მიზანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი