საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, აპრილის დასაწყისიდან 5 მაისამდე, არ განახლებულა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, ასევე მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესახებ. აპრილის პერიოდში გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტების ატვირთვა დღეს, 5 მაისს დაიწყო.
კერძოდ, 4 მაისის მდგომარეობით, საიტზე გამოქვეყნებული პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი ბრძანება 8 აპრილით თარიღდებოდა, მთავრობის დადგენილება 29 მარტით, ხოლო მთავრობის განკარგულება – 6 აპრილით.
ნეტგაზეთს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემებს უკავშირდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამართლებრივი აქტები ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა, ისინი გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.
მთავრობის კანცელარიის ინტერნეტ-კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა გაბრიელ წულაიამ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ ვებ-გვერდს ტექნიკური პრობლემა ექმნებოდა PDF ფაილების ატვირთვის კუთხით. მთავრობის სამართლებრივი აქტები PDF ფორმატში ქვეყნდება.
თუმცა გაბრიელ წულაიამ დღეს ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და უკვე დაწყებული იყო მასალის ატვირთვა.
“მიმდინარეობს გვერდის განახლება, შესაბამისად, ხდება ძველი ინფორმაციის ატვირთვა ახალ საიტზე. პრობლემური საკითხი არის მხოლოდ ისეთი ასატვირთი მასალა, რომელიც არის PDF ფაილი. ეს იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც მოგვარებულია და ახლა უკვე მიმდინარეობს ატვირთვა,”- განაცხადა მან.
ნეტგაზეთის კითხვაზე, დაახლოებით რამდენი ხანია, რაც საიტს ეს პრობლემა აქვს, წულაია პასუხობს, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამჟამად მის მოგვარებას დრო დასჭირდა, რადგანაც ტექნიკური შეფერხება იყო.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საიტის განახლების პროცესი, რომლის გარკვეული ეტაპი უკვე დასრულებულია, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, როდის დასრულდება მთლიანად საიტის განახლება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას საქართველოს მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს.
ამ დადგენილების თანახმად, საჯარო უწყებებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობას, აქვთ ვალდებულება, რომ სამართლებრივი აქტი ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღეში გამოაქვეყნონ. კლდიაშვილმა ნეტგაზეთთან ასევე განმარტა, რომ სამართლებრივი აქტის მიღება უკვე მის ძალაში შესვლას ნიშნავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, თუ როდის უნდა შევიდეს აქტი ძალაში.
“მთავრობის ადმინისტრაციას ვალდებულება აქვს, ნებისმიერი განკარგულება თუ ბრძანება, რომელსაც მიიღებს საქართველოს მთავრობა, გამოაქვეყნოს 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ეს დოკუმენტები მანამდე იქნა მიღებული და არ არის გამოქვეყნებული, ეს არის ამ კანონმდებლობის დარღვევა,”- განაცხადა კლდიაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დასახელებული მიზეზი ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით კლდიაშვილისთვის ძლიერი არგუმენტი არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო მაცნეზე სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება უწყებას საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
“სხვა მიმდინარე ინფორმაცია საიტზე ხომ ქვეყნდება? ჩემთვის ეს საფუძვლიანი არგუმენტი არ არის. უნდა ქვეყნდებოდეს ყველა სამართლებრივი აქტი, რომლიც არ შეიცავს საიდუმლოებას. საჯარო დაწესებულების ვალდებულებაა, პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია თავის ვებ-გვერდზე. მაცნეზე რა გამოქვეყნდება, ეს უკვე ცალკე საკითხია. მთავრობის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი მოწინავე ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებაში. ნამდვილად ასევე უნდა გააგრძელონ. მათივე განსაზღვრული არის ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების წესები,”- ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
საქართველოს მთავრობის კანცელაციის ვებ-გვერდს 5 მაისს, დღის მეორე ნახევარში უკვე დაემატა აპრილის თვეში გამოცემული სხვადასხვა დადგენილება და განკარგულება. თუმცა 10-დღიანი ვადა რამდენიმე შემთხვევაში დარღვეულია. მაგალითად, ვებ-გვერდზე 5 მაისს აიტვირთა 11 აპრილის განკარგულება საქართველოსა და გილიად საიენს აიერლანდ უსს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით “ტექნიკური პრობლემა” გასულ თვეშიც დაფიქსირდა. ვებ-გვერდზე ორჯერ გამოქვეყნდა პრემიერის ბრძანების ტექსტი, რომლის მიხედვითაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნოდარ კერესელიძე დაინიშნა, ხოლო ცოტა ხანში დაიდო მეორე ტექსტი ამავე თანამდებობაზე ზურაბ ჩეკურაშვილის დანიშვნის შესახებ. ადმინისტრაციამ მაშინ ეს ხარვეზი სხვა სახის ტექნიკური პრობლემით ახსნა.