ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

24 თებერვალი, 2021 • 1362
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“დადგა დრო, როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიკური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ჭკვიან, საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებულ პროფესიონალებს, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით. ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად (რაც ყოველთვის ორგანულია ამ სფეროში) არ კარგავდნენ ენთუზიაზმს და არ იმჩნევდნენ დაღლასა და ცხოვრებისეულ ყოფით სირთულეებს, ღირსეულად იტანდნენ დაუმსახურებელ მედია თუ შიდა სტრუქტურულ (ხანდახან სუსხიან პოლიტ-ანგაჟირებულ) კრიტიკას და აგრძელებდნენ შრომას ისე, რომ ეს საქმეს არ შესტყობოდა”, – წერს ქემოკლიძე.

ქემოკლიძე ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში პატივი ჰქონდა, ემუშავა განსაკუთრებულ ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში.

ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

“არ დაგიმალავთ, პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ეჭვის თვალითაც კი ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი. ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის”, – წერს ქემოკლიძე და ასევე, წარმატებებს უსურვებს ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

“საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში. მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით”, – აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე.

For English please scroll down

დადგა დრო როდესაც ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე…

Posted by Kakhaber Kemoklidze on Wednesday, 24 February 2021

კახაბერ ქემოკლიძე ერთი თვეც არაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე მან ნათია მეზვრიშვილი ჩაანაცვლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა.

2012-2018 წლებში შსს-ს და სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი