დღეს, 5 მაისს, თბილისის განვითარების ფონდმა 2 ახალი შენობის პროექტი წარუდგინა საზოგადეობას, რომლებიც გუდიაშვილის მოედანზე აშენდება.
კონკურსი, რომელიც თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა 2016 წლის 25 თებერვვალს, შეეხება აბესაძის ქუჩა 23/1 -ს, აბო თბილელის ქუჩა 3/8-ს და ამავე ქუჩის #3-ში ორი შენობის პროექტის მომზადებას.
ამ სამ ნაკვეთზე, რომლისთვისაც ორი, თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობის პროექტი მომზადდა, ახლა შენობა არ დგას.
თბილისის განვითარების ფონდის განმარტებით, კონკურსის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციისა და ისტორიულ გარემოსთან ადაპტირებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.
კონკურსში მონაწილეობდა 21 არქიტექტურული ნამუშევარი, რომელთაგან ორმა გაიმარჯვა. აბესაძის 23/1 ნომრის პროექტი, სადაც საოფისე და საგამოფენო სივრცე იქნება, მოამზადეს ლევან კალანდარიშვილმა, დავით ავალიშვილმა და ნიკოლოზ მჭედლიძემ, ხოლო აბო თბილელის ქუჩა 3/8-სა და 3 ნომრის პროექტი, რომელიც გულისხმობს სასტუმროს, შეადგინა კომპანია “ატელიე არქიტექსმა”.
პროექტის თანაავტორმა, ლევან კალანდარიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისთვის და მისი კოლეგებისთვის ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ისტორიულ გარემოში ჩაწერილიყო შენობა და იმედი აქვს, რომ ბოლომდე ასე დარჩება მათ მიერ შემუშავებული მაკეტი.
“ძველ ქალაქში რთულია მუშაობა, ბევრ რამეს უნდა გაუწიო ანგარიში. საინტერესოცაა”, – განაცხადა ლევან კალანდარიშვილმა.
არქიტექტორის თქმით, თბილისის ამ უბანში ერთადერთი მოედანია, სადაც ხალხი დღესაც იკრიბება და თბილისურ გარემოს ქმნის, “ჩვენ შევეცადეთ, რომ თბილისური გარემო შიგნითაც იყოს და გარეთაც.”
არქიტექტორის თქმით, სამსართულიან შენობაში მაქსიმალურად ეცადნენ, რომ სივრცე ყოფილიყო გახსნილი და ოფისიც ღია პრინციპზეა მორგებული.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა განაცხადა, რომ გუდიაშვილის მოედანი არის თბილისის დიდი ტურისტული მარშრუტის ნაწილი, რომელზეც მუშაობს განვითარების ფონდი.
ბაიდარაშვილის თქმით, გუდიაშვილის მოედანზე დიდი ხანია დაწყებულია წინსწრებით კონსერვაციის სამუშაოები, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, როგორ უნდა აღადგინონ ძეგლები.
ბაიდარაშვილის თქმით, გუდიაშვილის მოედნის არეალში სულ 70 შენობაა, რომელთაგან 34-ის კონსერვაციის გეგმა მუშავდება, ხოლო 11 შენობაზე “იკომოს-საქართველო” ამზადებს პროექტებს.
ბაიდარაშვილის თქმით, 2 გამარჯვებული პროექტის მიხედვით შენობების ასაშენებლად ტენდერი 4-5 თვის შემდეგ გამოცხადდება.