ხადიჯა ისმაილოვასთვის განკუთვნილი UNESCO-ს პრემია მის დედას გადასცეს

აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ თავისუფალ პრესაში წვლილის შეტანისთვის გილიერმო კანოს სახელობის UNESCO-ს მიერ დაწესებული პრემია მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი ხადიჯა ისმაილოვას დედას, ელმირა ისმაილოვას გადასცეს, რომელმაც შვილის ვრცელი წერილი წაიკითხა.

წერილში ხადიჯა ისმაილოვა წერს, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო არ არის, თუმცა კორუფციასთან და კანონის უზენაესობისთვის საჭიროა პრინციპული და უკომპრომისო ბრძოლა.

“კორუფციასთან ბრძოლა და ხელისუფლებისგან და მოკავშირეებისგან პატიოსნებისა და კანონის დაცვის მოთხოვნა აუცილებელია. კორუფცია არის ბოროტება, რომელიც ღრმა დეგრადაციას იწვევს. არ ჩაუაროთ მას გვერდით და ხელი არ შეუწყოთ მას. ნუ გეშინიათ, თქვენი მსხვერპლი ამად ღირს!”, – ეს არის ამონარიდი ხადიჯა ისმაილოვას წერილიდან, რომელიც ნეტგაზეთს ისმაილოვას დედამ მიაწოდა.

ისმაილოვა რადიო თავისუფალი ევროპის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც 2015 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატირების ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნი 2016 წლის იანვარში გამოვიდა. უფლებადამცველი, იურისტი ამალ კლუნი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას უფლებების დაცვისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი