ნეტგაზეთი | კვირიკაშვილი: არ ვისურვებდი, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს კვირიკაშვილი: არ ვისურვებდი, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს – Netgazeti
RU | GE  

კვირიკაშვილი: არ ვისურვებდი, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არ ისურვებდა რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ხელისუფლებას ეს არ სჭირდება.

ეს განცხადება კვირიკაშვილმა აშშ-ში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხს გააჩნია ორი განზომილება, ეს არის საკუთრების განზომილება და ეს არის სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი ვერანაირად სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა, რომ ვთქვა, რომ როგორიც არის მწვავე, ხშირად, მე ვფიქრობ, რომ სიმართლისგან დაშორებული, თუნდაც არაობიექტური, თუნდაც შეიძლება გული გვეტკინოს ხშირად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტები შეიძლება შუქდებოდეს გადაცემების ბოლოში და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს რუსთავი 2-ს გააჩნია რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ არ მივცეთ არანაირი საშუალება სპეკულაციის ჩვენს ოპონენტებს. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედიაკომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს.

არანაირად არ ვისურვებდი, რომ  „რუსთავი 2“-ის სტილი, რომელიც დღეს მას გააჩნია, რამენაირად შეცვლილიყოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ ეს არ გვჭირდება იმიტომ, რომ შეგვიძლია, ხალხს სიმართლე გავაგებინოთ, არ გვჭირდება იმიტომაც, რომ არ მივცეთ საშუალება არავის, ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად. გახსოვთ ალბათ, წინა პერიოდში, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვაკეთებდი, გარკვეული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვედი. არ ვიცი, რა უნდა იყოს და როგორი მექანიზმი უნდა იყოს, მაგრამ ვისურვებდი, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების და გააგრძელოს ტელეკომპანიამ სარედაქციო პოლიტიკა ისე, როგორადაც მას მიაჩნია, რომ უნდა აკეთოს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის სააპალაციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. რუსთავი 2 ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბერის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი