ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის არსებითი განხილვა განახლდა

27 აპრილი, 2016 • 2042
სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის არსებითი განხილვა განახლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია (ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით) განიხილავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებულ სააპელაციო საჩივარს. საქმის არსებითი განხილვა გასულ კვირაში დაიწყო და დღეს გრძელდება.

“მეგობრებო, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და ასევე უკვე ჩატარებული 2 სხდომის ინდიკაციებით, სააპელაციო სასამართლო მაღალი ალბათობით ადგას ურთმელიძის გზას”, – ეს ტექსტი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ ფეისბუკში გამოაქვეყნა და მოქალაქეებს სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდა, რათა დააკვირდნენ პროცესს.

რუსთავი 2-ის მხარე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბერის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

დღევანდელ სასამართლოს პროცესს ესწრებიან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიებიდან, მათ შორის არიან ენმ-ს, ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები, ასევე, იქ იმყოფება “საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა კოლეგიის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შესახებ. მათი განცხადებით, ნათია გუჯაბიძე თამაზ ურთმელიძესთან ერთად არის “მოსამართლეთა ერთობის” წევრი. ადვოკატი თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ ურთმელიძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოიტანა არაერთი ისეთი განჩინება, რითაც გასცდა თავის უფლებამოსილებას, ჩაერია მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და დაარღვია კონსტიტუცია. ადვოკატის თქმით, მოსამართლეთა ერთობამ, რომლის გამგეობის წევრიც არის ნათია გუჯაბიძე, გაავრცელა ურთმელიძის მხარდამჭერი განცხადება. მან პროცესზე რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებული ორივე განცხადება წაიკითხა. ერთ მათგანში გაკრიტიკებულია ურთმელიძის მიმართ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები. გარდა ამისა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ გუჯაბიძეს, ისევე როგორც ურთმელიძეს, აქვთ კავშირები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან. თუმცა ამასთან დაკავშირებით გუჯაბიძემ განაცხადა, რომ წულუკიანს პირადად საერთოდ არ იცნობს. ადვოკატის განცხადებით, გუჯაბიძეს და ურთმელიძეს აქვთ ურთიერთობა სასამართლოს გარეთაც – “მოსამართლეთა ერთობის” ფარგლებში. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მას აქვს გამოხატული მხარდაჭერა ურთმელიძის მიმართ და შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს მის მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა გუჯაბიძის აცილების თაობაზე და, შესაბამისად, კოლეგიის შემადგენლობაში დარჩა ნათია გუჯაბიძე.

ამის შემდეგ ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ყაველაშვილმა მის მიმართ მიიღო გამამართლებელი განაჩენი და ეს შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი, რომ ყაველაშვილი იქნება მიკერძოებული მის მიმართ. გვარამიას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ საქმეს გულისხობდა. მან განაცხადა, რომ არ სურს, რაიმე ეჭვი არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მას რომელიმე მოსამართლის კოლეგიაში ყოფნა აწყობს.

“ამ საქმის წონიდან და მასშტაბიდან გამომდინარე არ უნდა იყოს ეჭვები მოსამართლესთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოსამართლე განიხილავს საქმეს და ამ შუამდგომლობის დაყენება პროცესის გაწელვას ემსახურებოდა.

თავად მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა პირადი სიმპათიებით არ იყო განპირობებული. მან ასევე განაცხადა, რომ თვითაცილების საფუძველს ვერ ხედავს. შორენა ყაველაშვილმა სასამართლო დარბაზში დატოვა კოლეგია, რომელმაც მის აცილებაზე იმსჯელა, მაგრამ კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული შუამდგომლობების დაყენებამდე ნიკა გვარამიამ პროცესზე განაცხადა, რომ “სასამართლო ვერ აცნობიერებს, რასთან აქვს საქმე”. ამ რეპლიკას მოჰყვა შეკამათება კოლეგიის თავმჯდომარესთან, ნატა ნაზღაიძესთან. მოსამართლემ განაცხადა, რომ “სასამართლო დარბაზში მოსამართლის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა არის სასამართლოს შეურაცხყოფა”, რაც დაუშვებელია. გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ის საქმე არის არაორდინარული საქმე, რომლიც გავლენას მოახდენს ქვეყანაში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების არსებობაზე. მისი თქმით, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს კონტექსტი. ნიკა გვარამიამ სასამართლოს წინაშე გამოხატა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა პროცესი 21 აპრილს მისი დასწრების გარეშე ჩატარდა. მისი განცხადებით, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი განცხადება შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აშშ-ში ყოფნის შესახებ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, სხდომა გადაედო და დაჩქარებულად არ ემოქმედა. გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მისი ოჯახი აშშ-ში სწორედ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო იმყოფება.

“ძალიან ბევრი საფუძველი გვაქვს, რატომ არ უნდა განხილულიყო საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ეს არის არა არსებითი, არამედ გადამწყვეტი გარემოება,” – აღნიშნა გვარამიამ.

პროცესის დასასრულს, რუსთავი 2-ის ადვოკატებმა სასამართლოს თხოვეს, რომ საქმის ძირითადი ნაწილის განხილვამდე სარჩელის უზრუნველყოს ფარგლებში ტელეკომპანია საქართველოზე დადებული ყადაღის საქმე განიხილონ.

ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღებასთან დაკავშირებით საჩივარი სააპელაციო სასამართლოში ძირითად საქმესთან ერთად არის შესული. ადვოკატი თამთა დემურაშვილი ამბობს, რომ ძირითად საქმემდე სააპელაციო სასამართლოს ჯერ ეს საჩივარი უნდა გენეხილა, თუმცა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სააპელაციში საჩივრის გადაგზავნა დააგვიანა:

“ყადაღა არის დადებული ტელეკომპანია საქართველოზე, რომელიც არის ცალკე შპს და ცალკე სამეწარმეო საქმიანობა აქვს. რომლის საქმიანობან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს არ აქვს სასარჩელო მოთხოვნა, ანუ დავა არ წარმოებს. ურთმელიძემ დააყადარა იმ კომპანიის ქონება, როემელიც დავასთან შემხებლობაში არ არის. 3 ნოემბერს მან გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მან არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და ვალდებული იყო, კანონის თანახმად, 5 დღის ვადაში გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოში. მან არ გადააგზავნა, გადაგზავნა 48 დღეში. აქედან 2 თვე ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს, რომ განეხილა. ეს ვადაც დარღვეულია. ამაზე პასუხი დღემდე არ არის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დაყადაღებული ტელეკომპანია საქარველოს ქონება, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ვთხოვეთ სასამართლოს, აღარ აეღო დამატებითი ვადა, იმიტომ, რომ ისედაც დარღვეულია ვადები და დროულად მიეღო გადაწყვეტილება ამის თაობაზე,”- ამბობს  თამთა მურადაშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა 13 მაისს, 11:00 საათიდან განახლდება.


 

ქიბარ ხალვაშის სარჩელი რუსთავი 2-თან დაკავშირებით და მისი განვითარება

2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე.

კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.

მოსამართლემ შვიდპუქტიანი სარჩელის მხოლოდ ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა:

– გთხოვთ მოხდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველო”-ს (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმება და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს “პანორამა”-ს (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობა.

– გთხოვთ ბათილად ცნოთ: ა) 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის მისი კუთვნილი 60%–ი წილიდან 22%-ი გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435). ბ) 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის საწესდებო კაპიტალის 38%–ი გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401); გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები.

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანიშვილი 4. გიორგი ყარამანიშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე 7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”], ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის 60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997$-ად, თუმცა მოსარჩელის, განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ მიუღია.

მოსარჩელე ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის -18%-ის , შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამის” გამოცხადებას.

გარდა ამისა ხალვაში ითხოვს:

აღიარებულ იქნას სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის არსებული შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ლოგოს ავტორად;

მოპასუხე შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს დაეკისროს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 200 000 აშშ დოლარის ოდენობით;

ქიბარ ხალვაში ცნობილ იქნეს სატელევიზიო გადაცემების „ბოიარდის სასახლის“, „უკანასკნელი გმირის“ და „ჯეობარის“ ქართული ვერსიების საავტორო უფლების მფლობელად;

დაეკისროს მოპასუხე შპს „სამუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ს მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ 300 000 აშშ დოლარის გადახდა“;

2015 წლის 17 სექტემბერს ქიბარ ხალვაშმა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით. ხალვაშის მტკიცებით, მან ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები. ეს მოთხოვნები დღეს მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.

სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით, რუსთავი 2-ის 60%, რომელსაც პაატა კარსანიძე ფლობდა, 2004 წლის 16 ივნისს გადავიდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში. ეს წილი სწორედ იმავე დღეს გახდა პაატა კარსანიძის საკუთრება – მანამდე 30%-ს დავით დვალი, 30%-ს კი ჯარჯი აქიმიძე ფლობდნენ.

რუსთავი 2-ის 30%, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა და რუსთავი 2-ის 10%, რომელსაც ნიკა ტაბატაძე ფლობდა, გადავიდა შპს “პანორამის” საკუთრებაში.

სარჩელში მითითებული არ არის რამდენი გადაიხადა ქიბარ ხალვაშმა ან კარსანიძემ რუსთავის 2-ის წილებში.

რუსთავი 2-ის საქმის განვითარება

2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა 29-30 სექტემბერს ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, რასაც ყადაღა მოყვა და მფლობელების ცვლილება ვეღარ განხორციელდა.

იმ მოტივით, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შესაძლოა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოხცადების შემდეგ გამოეცა დაუყოვნებლივი აღსრულების ბრძანება, რუსთავი 2-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

რუსთავი 2-ის შეფასება

2015 წლის 1 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა.

მან განმარტა, რომ “ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი და როცა სარეკლამო დროს ყიდის, რამდენიმე თვის შემდეგ იღებს შემოსავლებს. გვარამიას თქმით, ამ რამდენიმეთვიანი პაუზის ამოსავსებად იყენებდნენ საბანკო მომსახურებას [კრედიტების და ოვერდრაფეტებს], განსაკუთრებით აგვისტოსა და საახალწლო პერიოდების შემდეგ. თუმცა მას შემდეგ, რაც აგვისტოში სასამართლომ დააყადაღა რუსთავი 2-ის წილები, ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ, ხოლო 1 ოქტომბერს შპს “ტელეკომპანია საქართველოს” დაყადაღებით ხელისუფლებამ რუსთავი 2-ს მოუსპო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვესტიის განხორციელების შესაძლებლობა.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების ზეწოლა მედიაზე და ქიბარ ხალვაშის უკან დგას ხელისუფლება და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

რუსთავი 2-ის წარმომადგენლების მტკიცებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მიკერძოებულია, რის გამოც მათ არაერთხელ დასვეს სასამართლოს წინაშე მისი აცილების შუამდგომლობა, რაც არც ერთხელ არ დაკმაყოფილდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების შეფასება

2015 წლის აგვისტოშივე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ სასამართლოს განჩინება რუსთავის 2 -ის წილების დაყადაღებაზე “არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არა მხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე”.

კიდევ შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ “სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ კერძო ტელეკომპანიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ადანაშაულებდა მოქმედ ხელისუფლებას ტელეარხზე პოლიტიკურ ზეწოლაში” და “არსებულ რეალობაში „რუსთავი 2“ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინფორმირებისა და კრიტიკული აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, მის საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ტელეკომპანიაზე გავლენის მოხდენის ეჭვებს წარმოშობს.”

რუსთავი 2-თან დაკავშირებული სარჩელი სასამართლოში და თანმდევი ქმედებები [წილების დაყადაღება და ასე შემდეგ] ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა [ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია და სხვა] შეაფასეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად კრიტიკულად განწყობილ რეიტინგულ მედისაშუალებაზე და განაცხადეს, რომ ეს არ წარმოადგენს დავას ორ სუბიექტს შორის.

ანალოგიურად ფიქრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და მოქალაქეების ნაწილი, რომელთა აზრითაც დღეს რუსთავი 2-ის დაცვა ნიშნავს დემოკრატიის და პლურალიზმის დაცვას საქართველოში და ისინი რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი