IRI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. 18%-ს რუსეთი საქართველოს პარტნიორად მიაჩნია.
ამავე დროს, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიას საქართველოზე. ხოლო 19% -ის აზრით რუსეთის აგრესია ჩავლილია, თუმცა, სავარაუდოდ, განახლდება.
ამასთან, IRI-ის გამოკითხვის შედეგებით, 2015 წლის თებერვლის შემდეგ 6 %-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას სრულად უჭერს მხარს. 2015 წლის თებერვალში 65% აცხადებდა, რომ სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, 2016 წლის მარტში კი ასე 59 % ფიქრობს.
გამოკითხულთა 36 % ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აზერბაიჯანს მიიჩნევს, 34 %- აშშ-ს, ხოლო 31 %- ევროკავშირს.
გამოკითხვის მონაწილეებს სამი პასუხის შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანა მიაჩნიათ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად ანდა საფრთხედ.
საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ახალი ანგარიში 28 აპრილს გამოქვეყნდა. IRI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები IPM Research-მა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). გამოკითხვა ჩატარდა 2016 წლის 12 მარტი – 2 აპრილის პერიოდში.
კვლევის ფარგლებში 1500 ადამიანი გამოკითხეს და და IRI-ის განცხადებით ის რეპრეზენტატულია ასაკის, გენდერის, განათლების, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.