ახალი ამბები

2017 წლის მაისამდე თბილისში ავტობუსების 700 ახალი მოსაცდელი განთავსდება

25 აპრილი, 2016 • 2758
2017 წლის მაისამდე თბილისში ავტობუსების 700 ახალი მოსაცდელი განთავსდება

მერიის მიერ ჩატარებული აუქციონის მიხედვით, 2017 წლის მაისამდე თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 700 ახალი მოსაცდელი განთავსდება, რომელშიც გამარჯვებულმა კომპანიამ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი 2016 წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონის შედეგი მერიამ დღეს, 25 აპრილს გახადა  საჯარო. აუქციონში კომპანია “ალმა-ტრანსპორტმა” გაიმარჯვა.

აუქციონის პირობების თანახმად, ვაკის, მთაწმინდის, სამგორის, ისნის, ნაძალადევის, საბურთალოს, კრწანისის, ჩუღურეთის, დიდუბის, გლდანის რაიონებში 700 ადგილას საქალაქო ტრანსპორტის 700 მოსაცდელი დამონტაჟდება (მოსაცდელების სრული სია შეიგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

პირობების მიხედვით, “ალმა-ტრანსპორტს” იჯარით გადაეცემა ეს ადგილები, რომლის ღირებულება 1 კვადრატული მეტრის ფასი 7 ლარია. იჯარის მოქმედების ვადაა 20 წელი. საიჯარო ფართობი დაზუსტდება საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელების განთავსების და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემდგომ. სამუშაოებს კომპანია 2017 წლის აპრილში დააასრულებს.

დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ არანაკლებ 250 ერთეულზე განათავსოს პრემიუმკლასის მოსაცდელი, არანაკლებ 100 ერთეული აღჭურვოს ლედ ეკრანით. არანაკლებ 350 ერთეული იყოს მედიუმკლასის მოსაცდელი, ხოლო დანარჩენი – 100 მოსაცდელი, ნორმალკლასის.

კომპანია ვალდებულია, რომ იზრუნოს იჯარით აღებული ტერიტორიისა და საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი კონსტრუქციის მოვლა-პატრონობასა და სისუფთავეზე. 

მოწყობილი საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელის სიგრძის მინიმუმ 50%-ზე განათავსოს სკამი.

საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი მოაწყოს დაახლოებით 1,3 მეტრი განის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაჩერებელი ადგილი ისე, რომ ეტლი თავისუფლად ტრიალდებოდეს 360 გრადუსით.

რაც შეეხება მოსაცდელების დიზაინს, 1 კვირის ვადაში საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელის “პრემიუმ”, “მედიუმ” და “ნორმალკლასის” კონსტრუქციის პროექტები შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს.

აუქციონში გამარჯვების კიდევ ერთი პირობაა, რომ გამარჯვებულმა გამოვლენიდან  10 დღის ვადაში გამოისყიდოს თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „რეალ ესტეიტ დეველოპმენტს“ შორის 2006 წლის 30 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქალაქო ტრანსპორტის 350 მოსაცდელი კონსტრუქცია 350 000 ლარად დღგ-ს გარეშე.

თბილისის მერიის ცნობით, ახალი მოსაცდელების დამონატაჯება 2016 წლის ივნისიდან დაიწყება.

რაც შეეხება კომპანია “ალმა-ტრანსპორტს, ის 2016 წლის 28 მარტს დააფუძნა კომპანია ალმამ. დირექტორია გიორგი ტრაპაიძე.

კომპანია “ალმა” 2010 წელს დაარსდა “ალმა პლიუსის” სახელით. მისი დირექტორი იყო დავით მოწონელიძე, “ალმა პლიუსს” ფლობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “დი ჯი ემ მედია ლ.ტ.დ”.

2013 წლის 1 ნოემბერს “ალმა პლიუსის” დირექტორად ლევან კალმახელიძე დაფიქსირდა, რომელიც ასევე იყო “სმართ რითეილის” დირექტორი და კომპანიის წარმომადგენელი საჯარო რეესტრში. 

2013 წელს კომპანია ალმას მფლობელები იყვნენ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია “ევრაზია ინვესტ გროუპ” (50%) და მალტაზე რეგისტრირებული კომპანია “გლობალ ინვესტორს ლიმიტედ (Global Investors Limited).

2016 წლის 8 აპრილის მიხედვით, კომპანიის დირექტორი არის  გიორგი ტრაპაიძე, ხოლო მფლობელი- გლობალ ინვესტორს ლიმიტედი.

გიორგი ტრაპაიძე ასევე არის დირექტორი კომპანიისა მპ დეველოპმენტი, რომლის 51%-ს ფლობს შპს ველაჯიო, ხოლო 49%-ს, ბულგარეთში რეგისტრირებული შპს “ჯი სთარი”.

მპ დეველოპმენტი, რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო ველაჯიო დეველოპმენტი, დააფუძნა ლევან კალმახელიძემ.

კომპანია “ველაჯიოს” 100%-იანი წილის მფლობელია “გლობალ ინვესტორს ლიმიტედი”. ველაჯიოს გენერალური დირექტორია ლევან კალმახელიძე. ველაჯიო 2010 წელს შეიქმნა და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ტელმარ ფინანსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი