ახალი ამბებიხელოვნება

ეროს რამაზოტი თბილისურ კონცერტს მუსიკოს პრინცის ხსოვნას მიუძღვნის

23 აპრილი, 2016 • 1901
ეროს რამაზოტი თბილისურ კონცერტს მუსიკოს პრინცის ხსოვნას მიუძღვნის

ამბობს, რომ უკვე მოასწრო საქართველოში Check In; იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქის უკეთ გაცნობის საშუალება მიეცემა და კონცერტიც წარმატებით ჩაივლის. პრესკონფერენციაზე შეკრებილებს კი მადლობა შემთხვევით რუსულად გადაუხადა. იტალიელი შემსრულებელი ეროს რამაზოტი თბილისშია.

24 მარტს სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტი კონცერტს გამართავს. მომღერალი თბილისს დილით ეწვია და კულტურის სამინისტროში მედიის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. შეხვედრას მასთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი დაესწრნენ.

ეროს რამაზოტის თქმით, ის მოხარულია, რომ Check In Georgia-ს პროექტს ხსნის:

“ჩემთვის დიდი პატივია, პროექტ Check in Georgia-ს გახსნა, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ქვეყანას განვითარების და ცნობადობის ამაღლების სურვილი აქვს. იმედი მაქვს, დადებით წვლილს შევიტან ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები მაყურებლისთვის. მართალია, იტალიურად ვმღერი და შეიძლება ბევრისთვის არ იყოს გასაგები ეს ენა, მაგრამ იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ,” – აცხადებს რამაზოტი.

რამაზოტიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ხვალინდელ კონცერტს ამერიკელი მუსიკოსის, პრინცის ხსოვნას მუძღვინს, რადგან თვლის, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა მუსიკალური სფეროს განვიათარებაში.

რამაზოტისთან ერთად თბილისში გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. ჯგუფი მომღერლის მსოფლიო ტურის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს. მასში სპორტის სასახლეში გამართული კონცერტიც შევა.

კონცერტის ორგანიზატორთა განცხადებით, საღამოზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Perfetto” – აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტის შოუ 3D ანიმაციით გაიხსნება.

იტალიის ელჩის ანტონიო ბარტოლის თქმით, იტალიის ნამდვილი ელჩები, სწორედ ხელოვანი ადამიანები არიან:

“როგორც ელჩს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგად ქვეყანას სპორტსმენები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანი ადამიანები წარმოაჩენენ. ეროსის ცხოვრების ისტორია ძალიან საინტერესოა, პერიფერიაში დაიბადა, გახდა მსოფლიო ვარსკვლავი და მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული”.

მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ეროს რამაზოტის კონცერტი წარმატებული სტარტი იქნება Check In Georgia-ს პროექტისათვის. Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. სამინიტროს ინფორმაციით, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. მის განსახორციელებლად პრემიერის სარეზერვო ფონდიდან 29 მლნ ლარი გამოიყო. საქართველოს ასევე ეწვევიან ხოსე კარერასი, რობი უილიამსი და ჯგუფი Maroon 5.

მასალების გადაბეჭდვის წესი