ახალი ამბები

შალვა რამიშვილი “იმედიდან” დათხოვნის მიზეზად სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას ასახელებს

22 აპრილი, 2016 • 2989
შალვა რამიშვილი “იმედიდან” დათხოვნის მიზეზად სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას ასახელებს

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი წამყვანი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ტელევიზიიდან მმართველთან უთანხმოების გამო დაითხოვეს, ხოლო ტასო ბარნოვასთან დაკაშირებული ინციდენტი მხოლოდ საბაბია.

შალვა რამიშვილმა დღეს, 22 მარტს საჯარო გახადა სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ასახულია, თუ როგორ ახორციელებდა ტელეკომპანიის დირექტორი გიორგი ბახტაძე მასზე ზეწოლას.

შალვა რამიშვილის თქმით, მიზეზი, რის გამოც მას ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა, უკავშირდება გადაცემა “პოლტიკაში” სასამართლო სისტემის გაშუქებასა და ლევან მურუსიძის მიწვევას.

რამიშვილის თქმით, ბახტაძემ მას მისცა სია, რომლის მიხედვითაც გადაცემაში უნდა მიეწვია მურუსიძის მომხრე მოსამართლეები შალვა შავგულიძის პირისპირ.

“ამ ვაიბერის ჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ ახორციელებს იმედის დირექტორი გიორგი ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ მე თავს, როგორ არ მინდა მურუსიძის და ცნობილი მოსამართლეების მოწვევა, რადგან ვეუბნები, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი და ეს გახდება აშკარა და მე არ მინდა ამაში მონაწილეობა. მე ვთავაზობ სხვადასხვა ვარიანტებს ოპონენტებისა მურუსიძის, მაგრამ ის მაინც დაბეჯითებით მთავაზობს, რომ ეს უნდა გავაკეთო. მაძლევს მოსამართლეების სიას და მეუბნება, რომ დაუსვი რეალური ოპონენტი და ერთი ამ სიიდან. მე ვეუბნები, რომ არ აქვთ კრიტიკული კითხვა, შედგა კომუნიკაცია მოსამართლეებთან. ის მპასუხობს, მითხარი, რა გინდათ და ექნებათ კრიტიკული კითხვა”, – ამბობს შალვა რამიშვილი.

რამიშვილის თქმით, ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ბახტაძეს ჰქონდა კომუნიკაცია ან მურუსიძესთან, ან მოსამართლეებთან. რამიშვილის თქმით, ტელევიზიი მმართველს უთხრა, რომ მსგავსი არ უნდა განმეორებულიყო, რაზეც ბახტაძემ უპასუხა, რომ იგი ახმოვანებდა ტელევიზიის რეალური მმართველის, ირაკლი რუხაძის პირდაპირ დავალებასა და ბრძანებას.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გიორგი ბახტაძემ უთხრა შალვა რამიშვილს, რომ აქვს  მისი მაკომპრომატებელი ჩანაწერი, რომელიც ჩაიწერა თათია სამხარაძემ, ამბობს რამიშვილი. მისი თქმით, იგი პროკურატურას მიმართავს საჩივრით ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით.

“ნეტგაზეთმა” “იმედის” დირექტორ გიორგი ბახტაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

აღნიშნული გადაცემა 2015 წლის დეკემბერში გავიდა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა,რომელიც მოსამართლე მურუსიძეს დაეთმო. ხოლო 2016 წლის აპრილში თათია სამხარაძემ, რომელიც შალვა რამიშვილის შოუში ტასო ბარნოვას ფსევდონიმით იყი ცნობილი, განაცხადა, რომ შალვა რამიშვილი მას სექსუალურად ავიწროებდა. შალვა რამიშვილი ბრალდებას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი