ახალი ამბები

თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროების ბრალდებით შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს

8 აპრილი, 2016 • 4394
თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროების ბრალდებით შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს

“საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემს მიმართ შალვა რამიშვილის მხრიდან ხორციელდებოდა სისტემური ხასიათის სექსუალური შევიწროვება,” – ეს განცხადება თათია სამხარაძემ დღეს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი თანამშრომელი სექსუალური შევიწროვების ფაქტზე შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს.

“მე ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც მე იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და მიმემართა დირექციისთვის დახმარების თხოვნით. ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს, კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში,” – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელიც ამჟამად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზას გადის: “მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დაადგენს [ჩანაწერის ავთენტურობას], უკვე მივმართავ სასამართლოს.”

სამხარაძე აცხადებს, რომ დასახმარებლად ტელეკომპანია “იმედის” დირექციას ერთი კვირის წინ თხოვნით მიმართა და პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა. მისი თქმით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ ეს ამბავი 8 დღის წინ გაიგო.

“ამ ჩანაწერებს არ აქვს ხანდაზმულობა. ეს ჩანაწერი არის გაკეთებული იმის მერე, რაც პირველად წამოვედი სამსახურიდან იმავე მიზეზით. დაბრუნების შემდეგ, სადაც ის [რამიშვილი] პირობას დებს, რომ ჩემს მიმართ სექსუალურ შევიწროვებას და მუქარას ჩემი კარიერის დასრულებით აღარ ექნება ადგილი სამსახურში. თუმცა, როდესაც ერთი თვის განმავლობაში, ყოველ მოცემულობაში იგი მახსენებდა, რომ მივიღე უგუნური გადაწყვეტილება, რადგან მასთან არ თანავიცხოვრე, ვეღარ გავუძელი და წამოვედი სამსახურიდან. არა მგონია, რომ გიორგი ბახტაძეს ჰქონდეს ეს ჩანაწერები მოსმენილი. ეს არის ერთი ხანგრძლივი აუდიოჩანაწერი,” – განაცხადა თათია სამხარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა შალვა რამიშვილს სხვა თანამშრომლებთან მსგავსი დამოკიდებულება, სამხარაძე აცხადებს:

“ვერ ვისაუბრებ იმ გოგოების სახელით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში დამიკავშირდნენ. თუ თავად მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, საჯაროდ გამოვიდნენ და ეს დააფიქსირონ, მე არ მაქვს უფლება, რომ პირადი საუბრები გავასაჯაროო და მათი სახელები და გვარები. ისინი არიან უკვე ყოფილი თანამშრომლები. როგორც ჩანს, მათაც იგივე პრობლემები ჰქონდათ.”

როგორც თათია სამხარაძე აცხადებს, მან არ იცის, თუ რასთან დაკავშირებით შეიტანა შალვა რამიშვილმა პროკურატურაში განცხადება: “ის ამბობს, რომ მე გავასაჯაროვე აუდიოჩანაწერი, რაც არ მომხდარა. თქვენ არავის გინახავთ ეს ჩანაწერი. ის არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს. თუ ცილისწამებაზე აქვს პრეტენზია, შესაგებელი (საპასუხო) სარჩელი შევა სასამართლოში, სადაც დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.”

“იმედის” ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროვება 3 კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. სამხარაძის თქმით, მას მერე, რაც საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ, რამიშვილი პირადად აღარ დაკავშირებია.

სამხარაძე აცხადებს, რომ პირველი ჩანაწერი მარტის თვის დასაწყისში პირადი მობილური ტელეფონით ჩაიწერა, როდესაც პირველად წამოვიდა სამსახურიდან:

“ჩანაწერი შეიცავს აღიარებას, რომ ჩემზე ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება მუქარით, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა არა მხოლოდ ტელეკომპანია “იმედში”, არამედ სხვა ტელევიზიებშიც და რომ იგი არის ოდიოზური პიროვნება, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ნებისმიერი ადამიანის კარიერა, თუკი მე არ დავთანხმდებოდი მასთან თანაცხოვრებას.”

თათია სამხარაძე აცხადებს, რომ ამ ამბების მერე აღარ აპირებს ტელეკომპანია “იმედში” დაბრუნებას:

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძოლა მივიყვანო ბოლომდე. არ შეიძლება, ტელევიზიაში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო.”

ქალთა მოძრაობის წევრის, ბაია პატარაიას განცხადებით, თათია სამხარაძის შემთხვევა უნდა იყოს პირველი მაგალითი იმისთვის, რომ ქალებმა ხმა ამოიღონ სამსახურში სექსუალური შევიწროებაზე. მისი თქმით, საქართველოს აქვს სერიოზული საკანონმდებლო პრობლემა, რადგან სექსუალური შევიწროება არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის დანაშაულს და არც ადმინისტრაციულ გადაცდომას.

ქალთა მოძრაობა მოითხოვს, რომ სექსუალური შევიწროების პრობლემა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.

“როდესაც საქმე წავა სასამართლოში, ბუნებრივია, იმედი მაქვს, რომ სქართველოს სახალხო დამცველიც და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც განახორციელებენ ამ საქმის მონიტორინგს. იმ გარემოებებიდან, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, ცალსახად იკვეთება, რომ ეს არის სექსუალური ხასიათის შევიწროება, დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით და შრომის კოდექსის დარღვევა,” – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ტელეკომპანია “იმედმა” 7 აპრილს განაცხადა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. “ტელეიმედს” ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს.

შალვა რამიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები კამპანიურ ხასიათს იღებს და ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. რამიშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ ეს ამბავი პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს.

მეგობრებო!როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მ…

Posted by Shalva Ramishvili • შალვა რამიშვილი on Thursday, April 7, 2016

 

რამიშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ კომპანიამ, რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში” და სერიალს “2 გოგოს” [რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა] და ასევე უზრუნველყოფს რამიშვილის მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში”, ტელეკომპანიის დირექციისგან მიიღო წერილი, რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. რამიშვილის განცხადებით, კომპანიისთვის “ტელეიმედს” მიზეზები არ აუხსნია.

შალვა რამიშვილი მანამდე  იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი მუშაობდა ამჟამინდელ პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში. “იმედის” გარდა შალვა რამიშვილი წინა წლებში მუშაობდა   ტელეკომპანია “მაესტროში”, 202-ში და რადიო 105-ში და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი