ახალი ამბები

ICAO-მ საქართველო ავიაციის სფეროში საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან ამოიღო

22 აპრილი, 2016 • 1409
ICAO-მ საქართველო ავიაციის სფეროში საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საგენტოს ცნობით,  ICAO-ს (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის) ვალიდაციის აუდიტის წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს “წითელი ალმის” სტატუსი მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო საფრთხის ქვეყნების სიიდან ამოიღეს.

მათივე ინფორმაციით, აუდიტის მიერ გამოვლენილი შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელმა ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60% პროცენტს გადააჭარბა (წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა 64.44%), რაც პირველი პრეცედენტია ქვეყნისთვის.

2015 წელს CNN წერდა, რომ 2015 წლის მონაცემებით “წითელი ალმის”სტატუსი ჰქონდა 13 ქვეყანას: საქართველოს, ტაილანდს, ანგოლას, ბოტსვანას, ჯიბუტის, ერიტრეას, ჰაიტის, ყაზახეთს,  ლიბანს, მალავის, ნეპალს, სიერა ლეონესა და ურუგვაის.

ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, დიმიტრი  ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ICAO-მ საქართველოს საავიაციო სისტემის აუდიტი ჩაატარა 2007 წლის ივნისში, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო ვერ ასრულებდა საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 68%-ს.  2013 წლის ოქტომბერში კვლავ ჩატარდა ასეთი კვლევა – აუდიტმა აჩვენა, რომ 2007 წლის აუდიტთან შედარებით საქართველოს ჰქონდა 24%-ით უკეთესი საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის მოთხოვნების  შესრულების თვალსაზრისით. თუმცა დაფიქსირდა ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა სერტიფიცირების პროცესს. აუდიტმა მიიჩნია, რომ გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატების გაცემის პროცედურები საჭიროებდა გადახედვას. ამის გამო საქართველოს დაუდგინდა „წითელი ალამი“.

“2013 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, მიმდინარე წლის 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) უმასპინძლა. მისიის ფარგლებში აუდიტორების მიერ შემოწმდა სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის პროცესი 4 მიმართულებით: საავიაციო კანონმდებლობა (LEG), საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობა (OPS), საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა (AIR) და ორგანიზაციული საკითხები ნაწილობრივ (ORG).

ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, ICAO-ს მიერ 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზი (SSC OPS/01-10/2013), რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღმოფხვრილია. მიმდინარე წლის 19 აპრილს მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მოეხსნა „წითელი ალმის“ სტატუსი. ოფიციალურ წერილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უახლოეს დღეებში მიიღებს.

რაც შეეხება კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის მთლიან შედეგებს, მათ შესახებ საბოლოო დასკვნას სააგენტო  90 დღეში მიიღებს. თუმცა საკითხისადმი მაღალი ინტერესის გამო გაცნობებთ, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ აჩვენა გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში. კერძოდ, წინანწარი პროცენტები ასე გამოიყურება:

      • ICAO-ს  სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%), გაუმჯობესებამ 2013 წლის აუდიტთან შედარებით 59.09% შეადგინა;
      • საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის (OPS) კუთხით გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი- 66.6%), 22.3%-ით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო 2013 წლის აუდიტის დროს;
      • საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) პროცესი გაუმჯობესდა 20.82%-ით, ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი 82.11%-ს შეადგენს (მს. საშუალო მაჩვენებელი 74.57%);
      • ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც აუდიტმა სხვა საკითხებთან კვეთის გამო მხოლოდ ნაწილობრივ გაიარა, 15.34%-ით გაუმჯობესდა,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი