ახალი ამბები

პრემიერი: ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის არსებობს შეთანხმება, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წელს შეიცვლება

21 აპრილი, 2016 • 1437
პრემიერი: ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის არსებობს შეთანხმება, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წელს შეიცვლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის საკითხზე მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ სისტემა 2020 წელს შეიცვლება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე [PACE] სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერს PACE-ს წევრმა დაუსვა კითხვა. მისი თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს საკითხებზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუთავაზებია და პრემიერს ჰკითხა, რა ვითარებაა ამ კუთხით:

მარტში დავიწყეთ მოლაპარკაებების პროცესი ოპოზიციასთან. ორი დღის წინ შევთავაზეთ მნიშნელოვანი ცვლილებები, რათა პროცესი უფრო ინკლუზიური გამხდარიყო და შემცირებულიყო ბარიერი, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ, მისი გადალახვის შემთხვევაში პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და ასევე გაგვეფართოებინა ოპოზიციის დაფინანსების საზღვრები. რაც შეეხება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის ცვლილების საკითხს, არსებობს შეთანხმება მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ 2020 წელს შეიცვლება მაჟორიტარული სისტემა. თუმცა არჩევნებამდე 6 თვით ადრე ძალიან რთული იქნება, ელექტორული სისტემა მთლიანად პროპორციულ სისტემას მოერგოს, ამიტომაც ნაწილობრივ ჩვენ დავეთანხმეთ ოპოზიციურ პარტიების [წინადადებებს], ხოლო ნაწილობრივ უარვყავით მათი შემოთავაზება. კვლავაც ვაგრძლეებთ მოლაპარკაებებს და პროცესი არ დასრულებულა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყოს სამართლიანობისა და თავსიუფლების თვალსაზრისით. კვირიკაშვილის განცხადებით, მათ უკვე გაუგზავნეს მიწვევა ეუთოს ადამინის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს იმისათვის, რომ ეს ორგანიზაცია წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

კვირიკაშვილის განცხადებით, მათ უკვე გაზიარებული აქვთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი საარჩევნო კანონმდბელობასთან დაკავშირებით.  საქართველოს პრემიერმა ამ კუთხით საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილება დაასახელა, რომელზეც თავის დროზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

“ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ღია ვართ ამ თანამშრომლებისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციური პარტიების წინადადებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების ინიცირებაც განახორციელეს.

საარჩევნო სისტემის ცვლილება ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კონტექსტში, თუმცა ამაზე მმართველი გუნდი არ დათანხმდა. უმრავლესობის პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან შეიცვალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი