ახალი ამბები

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე 73-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა

20 აპრილი, 2016 • 1201
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე 73-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა

18:00 საათზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო კომისიის მდივნის, დემეტრე ეგნატაშვილის ინფორმაციით, სულ არჩევნებში ხმა 967-მა ადამიანმა მისცა, რაც 73%-იანი ჯამურ აქტივობას ნიშნავს.

 

არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს, 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყო. არჩევნებისთვის 1311 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. საარჩევნო პროცესს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია (საქართველოს ოს ქალთა ასოციაცია, ახალგაზრდა ადვოკატები, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი) და 16 დამოუკიდებელი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

არჩევნებს აპროტესტებდა თსუ-სთან არსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი თამაზ კალაძე, რომლის თქმით, გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტების თანამშრომლებს, ჯამში, 150 ადამიანს, არ მიეცათ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. კალაძის თქმით, ამის გამო დღევანდელი არჩევნები გაყალბებულად უნდა ჩაითვალოს. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლებს დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უმაღლესი განათლების შესახებ მოქმედი კანონიდან გამომდინარე აქვთ შეზღუდული.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლობის კანდიდატად დარეგისტრირებულია 4 პირი: დარეჯან თვალთვაძე, ლევან გორდეზიანი, ცირა ბარამიძე და გიორგი ანდრიაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი