ახალი ამბები

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობისთვის მშპ-ს 5%-ია საჭირო, ახლა 2,5%-ს ვხარჯავთ

20 აპრილი, 2016 • 1742
სერგეენკო:  საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობისთვის მშპ-ს 5%-ია საჭირო, ახლა 2,5%-ს ვხარჯავთ

დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველომ მოსახლეობის ჯანდაცვაზე 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1 პროცენტი დახარჯა, წელს- თითქმის 2,5 პროცენტი, ხოლო  2013 წელს- 1,7 პროცენტი.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის მოდელის მდგრადობისთვის ჯანდაცვაზე მშპ-ს 4-5 პროცენტი უნდა დაიხარჯოს:

“ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც იზომება, რამდენად პრიორიტეტია ქვეყნისთვის ჯანდაცვა, არის ის –  მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენი პროცენტი იხარჯება ჯანდაცვაზე. მსოფლიო ბანკმა შარშან წარმოადგინა ეს კვლევა საქართველოსთან მიმართებაში შარშანდელი მდგომარეობით- 2,1 პროცენტი იხარჯებოდა ჯანდაცვაზე, მაშინ, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის მიღებული მოდელის მდგრადობაზე საუბარი იწყება, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის 4-5 პროცენტი არის გამოყოფილი ჯანდაცვისთვის. აღმოსავლეთ ევროპაში 4-5 პროცენტია, დასავლეთში- 7-10 პროცენტი. გამორჩეულია ამერიკა, რომელიც 17 პროცენტს ხარჯავს.”

მისივე თქმით,  2 000-ანი წლებიდან მოყოლებული ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა:

“ყველაზე უფრო გამოკვეთილი, ნახტომისებური ზრდა იყო 2013 წელს, როცა ჯანდაცვის დაფნანსება 45%-ით გაიზარდა.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 15 აპრილს ტელევიზიების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა კორექტირებას საჭიროებს.

“ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები უზრუნველყონ ჯანდაცვის მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილს მაგალითად საკუთარი თავი და სხვა მინისტრები მოჰყავს, რომლებიც, მისი თქმით, არ უნდა სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვით და ამას საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი