ახალი ამბები

თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

20 აპრილი, 2016 • 1917
თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს, 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყო.

არჩევნები უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში ტარდება. ხმის მიცემა დღეს, 18 საათამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს. არჩევნებისთვის 1311 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო პროცესს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია (საქართველოს ოს ქალთა ასოციაცია, ახალგაზრდა ადვოკატები, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი) და 16 დამოუკიდებელი დამკვირვებელი აკვირდება.

თავისი არჩევანი უკვე გააკეთა ვლადიმერ პაპავამ, რომელსაც თსუ-ს რექტორის უფლებამოსილება დღეიდან შეუწყდა. მისი თქმით, ეს არის ისტორიული დღე თსუ-ში, რადგან ასეთი ჩართულობით რექტორის მოვალეობის შემსრულების არჩევნები არ ჩატარებულა. პაპავას განცხადებით, მთავარია, ეს პროცესი დამთავრდეს მშვიდ გარემოში და ობიექტურად შეჯამდეს შედეგები, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს ხვალიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით.

არჩევნებს აპროტესტებს თსუ-სთან არსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი თამაზ კალაძე, რომლის თქმით, გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტების თანამშრომლებს, ჯამში, 150 ადამიანს, არ მიეცათ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. კალაძის თქმით, ამის გამო დღევანდელი არჩევნები გაყალბებულად უნდა ჩაითვალოს. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლებს დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უმაღლესი განათლების შესახებ მოქმედი კანონიდან გამომდინარე აქვთ შეზღუდული.

თამაზ კალაძე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს აპროტესტებს. 20/04/2016

თამაზ კალაძე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს აპროტესტებს. 20/04/2016

რექტორის მოვალეობის შემსრულებლობის კანდიდატად დარეგისტრირებულია 4 პირი: დარეჯან თვალთვაძე, ლევან გორდეზიანი, ცირა ბარამიძე და გიორგი ანდრიაძე.

დარეჯან თვალთვაძე თსუს-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორია. 2015 წლიდან დღემდე რექტორის მოადგილეა. 2010-2015 წლებში ეკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა.

ლევან გორდეზიანი არის თსუ-ს პროფესორი, თსუ-ს ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, არის ამავე უნივერსიტეტის სენატის წევრი 2014 წლიდან.

ცირა ბარამიძე თსუ-ს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. იგი 2010 წლიდან თსუ-ს სენატის წევრია.

გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, თეოლოგიის დოქტორი.

კენჭისყრაში ხმის მიცემის უფლება თსუ-ს საარჩევნო კოლეგიას აქვს, რომელშიც შედის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი.

რექტორის ბრძანების მიხედვით შექმნილია საარჩევნო კომისია, რომელშიც 29 ადამიანია გაწევრებული. ისინი თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტისა და თსუ-სთან არსებული ინსტიტუტების წარმომადგენლები არიან.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მარტის თვის პირველ ნახევარში უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა ჯგუფების საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პაპავამ აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. საბჭომ პაპავას განცხადება დააკმაყოფილა, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდე პაპავა კვლავ რექტორი იქნება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები თსუ-ში. 20/04/2016

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები თსუ-ში. 20/04/2016

მასალების გადაბეჭდვის წესი