ახალი ამბები

სოფელ ცდოში გამართულ აქციაზე დაკავებული ზაზა წიკლაური ხელწერილით გაათავისუფლეს

18 აპრილი, 2016 • 2090
სოფელ ცდოში გამართულ აქციაზე დაკავებული ზაზა წიკლაური ხელწერილით გაათავისუფლეს

ყაზბეგის რაიონში, სოფელ ცდოში, გუშინ, 17 აპრილს დაკავებული ზაზა წიკლაური, რომელიც სოფელში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდა, დღეს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს განუცხადა სოფელ ცდოში მცხოვრებმა შოთა ბუჩუკურმა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

მისივე ინფორმაციით, სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება არ მიუღია და მომდევნო პროცესი პარასკევს არის ჩანიშნული.

ზაზა წიკლაური 17 აპრილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა წიკლაურის ნათესავი, ლელა წიკლაური ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ აქციაზე დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია:

“არანაირ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად ამისა, მაინც დააპატიმრეს,”- ამბობს ლელა წიკლაური.

საპროტესტო აქცია ეხებოდა სოფელ ცდოში “დარიალი-სტეფანწმინდის” 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. ლელა წიკლაური ამბობს, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს.

შოთა ბუჩუკურმა ნეტგაზეთს ასევე გადმოუგზავნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ცდოს მოსახლეობა მოითხოვს დაუყოვნებლივ შეჩერდეს დარიალი-სტეფანწმინდის 220კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა სოფლის ტერიტორიაზე.

“დარიალის ხეობაში დასრულებული და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელ. ენერგიის გამოსატანად მიმდინარეობს დარიალი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის 220კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელმაც პროექტის თანახმად სოფელ ცდოს სამოსახლო ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.

გასულ წელს მოხდა სოფლის მოსახლეობის ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების მისაკუთრება კომპანიის მიერ ისე, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები საქმის კურსში არ იყვნენ. აღნიშნული გადამცემი ხაზის სოფელ ცდოზე გატარება შეზღუდავს სოფლის განვითარებას. იმის ფონზე, რომ მოსახლეობის შენარჩუნება მთაში, მით უმეტეს, სასაზღვრო რეგიონში სახელმწიფოს პრიორიტეტია, გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი პროექტები.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც მაღალი ძაბვის 220 კვტ-იანმა გადამცემმა ხაზმა შესაძლოა სოფლიდან მოშორებით გაიაროს, პროექტის განმახორციელებლი კომპანია მაინც სოფლის სამოსახლო ტერიტორიაზე ცდილობს მის გატარებას.

რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, კანონით დადგენილი საჯარო განხილვების გვერდის ავლით, მიიღო პროექტის განხორციელების ნებართვა და 2016 წლის 15 აპრილს სოფელში ტექნიკა აიყვანა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

მოსახლეობა მოითხოვს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააუქმოს კომპანიისთვის მიცემული ნებართვა და ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ მოხდეს მოსახლეობის მიერ შეთავაზებული გონივრული ალტერნატივის შესწავლა, რაც სოფელს აარიდებს მის სამოსახლო ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი