ახალი ამბები

მიხეილ მაჭავარიანი: არც პრეზიდენტი და არც მთავრობა ზრუნავს ხალხზე

14 აპრილი, 2016 • 1175
მიხეილ მაჭავარიანი: არც პრეზიდენტი და არც მთავრობა ზრუნავს ხალხზე

“ეს არის ერთმანეთის ჯიბრი საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის. ასეთ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი ივანიშვილის გარეშე არ მიიღებდა,” – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის წევრი მიხეილ მაჭავარიანი არჩევნების თარიღის დანიშვნის გარშემო განვითარებულ მოვლენებს:

“არც პრეზიდენტი და არც მთვრობა ზრუნავს ხალხზე. მათ მოატყუეს ხალხი, როცა თქვეს, რომ რეგიონში კრიზისზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ, რეალურად მიზეზი იყო არჩევნების დანიშვნა. დაინიშნა არჩევნები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავრობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში დგებოდა. ამიტომ დაიწყო ეს კატა-თაგვობანა,”- ამბობს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არჩევნების 5 თვის ადრე დანიშვნის შესახებ, ხალხზე ზრუნვის მოტივით არ არის ნაკარნახევი:

“ნაკარნახევია, რომ თავისი გაიტანოს, რომ გამოჩნდეს ჯინიანი და მაგარი ბიჭი. მთავარი არის, არჩევნების შემდეგ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არც ამ პრემიერით, არც ამ პრეზიდენტით და არც უმრავლესობით, ხალხის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.”

დღეს, 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნის.

კვირიკაშვილის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად, სავარაუდოდ, გამოცხადდება 8 ივლისი და არა 8 აგვისტო, რაზეც იყო საუბარი პრეზიდენტის მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრემიერი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ სამართლებრივი აქტში კამპანიის დაწყების თარღად სწორედ  8 ივლისი იყოს მითითებული.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დანიშვნის შესახებ და აცხადებს, რომ არჩევნებს 5 თვით ადრე დანიშნავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი