ახალი ამბები

არჩევნებს ხუთი თვით ადრე დავნიშნავ – პრეზიდენტის მკაცრი პასუხი პრემიერს

14 აპრილი, 2016 • 1460
არჩევნებს ხუთი თვით ადრე დავნიშნავ – პრეზიდენტის მკაცრი პასუხი პრემიერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დანიშვნის შესახებ და აცხადებს, რომ არჩევნებს 5 თვით ადრე დანიშნავს.

“არჩევნების თარიღი დადგენილია – ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. ახლა,  რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც ხელი არ მოეწერა  დღეს, – მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთის იმიტომ, რომ, ასე ვთქვათ, 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ხოლო თუ კიდევ რამე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ, შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევიდოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღიც.

დღეს, 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნის, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულაბას ხელი არ მოაწერა.

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად, სავარაუდოდ, გამოცხადდება 8 ივლისი და არა 8 აგვისტო, რაზეც იყო საუბარი პრეზიდენტის მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრემიერი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ სამართლებრივი აქტში კამპანიის დაწყების თარღად სწორედ  8 ივლისი იყოს მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი