ახალი ამბები

NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი: პარტიებმა უნდა ისაუბრონ საკითხებზე, რომლებიც ამომრჩეველს აწუხებს

13 აპრილი, 2016 • 1152
NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი: პარტიებმა უნდა ისაუბრონ საკითხებზე, რომლებიც ამომრჩეველს აწუხებს

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ ამომრჩეველთა დიდი რაოდებობის ფონზე, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემენ ხმას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკოსებმა უნდა იმუშავონ იმ საკითხებზე, რომლებიც ამომრჩეველს აწუხებს:

“მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გარკვეულწილად მოუწვდომელი არის მათ მიერ არჩეული თანამდებობის პირები. პარლამენტის შენობაზეც კი ამბობენ, რომ არ არის მოქალაქისთვის მარტივი იქ შესვლა. შესაბამისად, ალბათ არ არის გასაკვირი, ამგვარი იმედგაცრუების ფონზე, მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩება თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ. ამომრჩევლის იმდენად დიდი რაოდენობა არის გადაუწყვეტელი, რომ ის პარტია, რომელიც აითვისებს ყველა იმ საკითხს, რომელიც მოსახლეობას ადრდებს და ეს საკითხები უმეტესწილად არის – ეკონომიკა და დასაქმების საკითხები, ილაპარაკებს ამ საკითხებზე და, რაც მთავარია, იქნება ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის და ექნებათ მაქსიმალურად კარგი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, ზუსტად ეს პარტია მოიპოვებს უპირატესობას მომავალში,”- განაცხადა ლორა თორნტონმა.

NDI-ის კვლევის თანახმად,  მოსახლეობის 66% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 65% ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში 300 ლარს უპროცენტოდ ვერ ისესხებს; 57%-ისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა სამუშაო ადგილებია. კვლევის პოლიტიკური ნაწილის თანახმად კი, რომელიც ცნობილი დღეს, 13 აპრილს გახდა, მოსახლეობის 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას მომავალ არჩევნებზე. 

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი