ახალი ამბები

კომიტეტმა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ნონა თოდუას – არა

8 აპრილი, 2016 • 3438
კომიტეტმა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ნონა თოდუას – არა

დღეს, 8 აპრილს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს და კენჭი უყარეს.

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა თამარ ლალიაშვილზე დადებითი (6 მომხრე, 2 ბათილი), ხოლო ნონა თოდუაზე უარყოფითი (5 მომხრე, 2 ბათილი, 1 წინააღმდეგი) დასკვნა მიიღო.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მიუხედავად კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ორივე კანდიდატის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

7 აპრილს კანდიდატებს მოუსმინეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც, სადაც არც ერთ მათგანს არ დაუჭირეს მხარი.

დღევანელ სხდომაზე თამარ ლალიაშვილმა მოსამართლის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.

“სასამართლო დამოუკიდებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. სასამართლოს დამოუკიდებლობა ნიშნავს არა მხოლოდ დამოუკიდებლობას ამ ორი ხელისუფლებისგან ან რაიმე პოლიტიკური ძალებისგან, პარტიებისგან, საზოგადოებრივი წნეხისგან და სხვა გავლენებისგან, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს არის ასევე შიგნით, თვთონ ამ ხელისუფლებაში დამოუკიდებლობა. მოსამართლეები არ შეიძლება, ერთმანეთის აზრზე იყვნენ დამოკიდებული,”- განაცხადა მან.

ნონა თოდუამ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ მას, როგორც მინდია უგრეხელიძის, ასევე ლადო ჭანტურიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჰქონდა შეთავაზება უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, თუმცა გამოუცდელობის და პრაქტიკის არქონის გამო აღნიშნულ შეთავაზებებზე უარი განაცხადა. მან განმარტა მიზეზებიც, თუ რატომ გადაწყვიტა ამ შემოთავაზებაზე დათანხმება ახლა:

“უკვე ჩავთვალე, რომ მე არა მარტო თეორიული ცოდნა მივიღე ამ ხნის განმავლობაში, როცა ვწერ გარკვეულ ნაშრომებს, მაქვს სტუდენტებთან, აუდიტორიასთან შეხება, არამედ მუდმივდ ვსწავლობ სასამართლო პრაქტიკას და მუდმივად კონტაქტი მაქვს სასამართლო პრაქტიკასთან და დამიგროვდა რაღაც სათქმელი –  ჩემი ახალი სიტყვა მინდა პრაქტიკაში, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა,”- განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი