ახალი ამბები

პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციაზე მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის

8 აპრილი, 2016 • 990
პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციაზე მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით.

შალვა თადუმაძემ ეს განცხადება 8 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს ეს აქტი, მან განაცხადა, რომ “ყველაფერი შეიძლება მოხდეს იმ კონსულტაციების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს”.

საქმე ეხება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს. კერძოდ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ამ დროიდან დაიწყება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უკან უნდა დაუბრუნოს განკარგულება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, სადაც ძალაში შესვლის თარიღად 8 აგვისტო არის განსაზღვრული. საია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან. სამართლიანი არჩევნები კი აცხადებს, რომ სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა არჩევნების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის 8 აგვისტოს ამოქმედებამ, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, თუმცა, არ არის გადაწყვეტილება მიღებული არც პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციაზე და არც – წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის გაიმართა კონსულტაცია, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 8 ოქტომბერს. ამის ტექნიკურ და იურიდიულ უზრუნველყოფას მოვახდენთ იმ კონსულტაციების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს როგორც მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტსა და ცესკოს შორის. შესაბამისად, მოსაზრება, რომ 8 ოქტომბერს არ უნდა დაინიშნოს, არგუმენტი, – ასეთი არც არასამთავრობოებს გააჩნიათ, არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც განსხვავებული აზრი აქვთ. უბრალოდ, არ არის საკითხი მის იურიდიულ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. ამ  მიმართულებით მიმდინარეობს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაცია.

წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი ვერ შეიცვლება იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსი ამბობს იმ მინიმუმს, რომელიც უნდა იყოს და ეს არის არაუგვიანეს 60 დღისა. პოზიტიურ ნაწილში შეიცვლება თუ არა, ჯერჯერობით ვერ გეტყვით  იმიტომ, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს კონსულტაციები.

კონტრასიგნაციისთვის არსებობს ვადა. ეს ვადა არის 10 დღე. მას შემდეგ, რაც აქტი გადმოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მთავრობა ამ ვადაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯერჯერობით მე არ შემიძლია გითხრათ, რა გადაწყვტილება იქნება მიღებული,”- ამბობს შალვა თადუმაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი